„ბარსელონას” ლა ლიგის ოთხეულში შეეძლო შესვლა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. კატალონიურმა კლუბმა გრანადაში 1:1 ითამაშა.
„ბლაუგრანა”, რომელსაც 79-ე წუთზე ორი ყვითლის გამო მოედნიდან გავი გაუგდეს, 1:0-ს იგებდა, ოღონდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა — 89-ე წუთზე ანტონიო პუერტასმა ანგარიში გაათანაბრა. შედეგად, „ბარსა” ლა ლიგის დღევანდელი თამაშების წინ 20 შეხვედრიდან 32 ქულით მე-6 ადგილზეა.
„გრანადას” 24 ქულა აქვს და მე-12 პოზიცია უკავია. ანდალუსიელებს უკვე 7 თამაშია არ წაუგიათ.
„ბარსელონამ” ერთი გოლი მე-10 წუთზეც შეაგდო — ლუკ დე იონგმა გავის ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარში — მაგრამ VAR-მა არ ჩათვალა. მიზეზი: თამაშგარე.
საპირისპირო კართან სტუმრები მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა იხსნა — დარვინ მაჩისს აუღო.
ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძლების კარში ბურთი კვლავ დე იონგმა, კვლავ თავით შეაგდო, ოღონდ ამჯერად ასისტენტობა ვეტერანთა ვეტერანმა დანი ალვეშმა გაუწია.
მაგრამ, „ბარსელონამ” უპირატესობა ვერ განავითარა, ხოლო როდესაც გავი მოედნიდან გააგდეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ვერც შეინარჩუნებდა.
ასეც მოხდა, პუერტასმა ანგარიში გაათანაბრა.