პრო დ2-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მისი სტარტი საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის.

საფრანგეთის სარაგბო პირველობის მეორე ეშელონის მე-16 ტურში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორმა მათგანმა სეზონში პირველი ლელოც მიითვალა.

No description available.ერთ-ერთი მათგანისთვის კი ეს იყო სულაც სადებიუტო ლელო პროფესიული კარიერის განმავლობაში. 22 წლის ზაურ თევდორაშვილი პრო დ2-ში მესამე სეზონს ატარებს და თავი შედეგიანი სტატისტიკით აქამდე არც ლიგიდან აწ უკვე გავარდნილ „ანგულემში“ გამოუჩენია და არც ახლანდელ კლუბ „ბრესანში“. მსოფლიოს 20-წლამდელთა 2019 წლის ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ პერსპექტიულმა ბურჯმა საკლუბო დონეზე ზრდა თითქოს შეაჩერა, მაგრამ ბოლო დროს ბრესანელთა შორის სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება და აი, შედეგიც.

„რუანთან“ გასვლითი მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ენთო – 11:11. „ბრესანი“ გააფთრებით უტევდა, 77-ე წუთზე ზაური რაქში შექმნილ ვითარებაში კარგად გაერკვა და ბურთი ხაზს იქით გადადო. ბრესანელებმა 18:11 მოიგეს და ლიგაში დაჩენის შანსები შეინარჩუნეს. თევდორაშვილის არ იყოს, მეორე ტაიმში „ბრესანში“ შეცვლაზე ვაჟა კაპანაძეც შევიდა, ხოლო რუანელებში – ხვიჩა ცოფურაშვილი.

30 წლის ზურა ჟვანიამ კი ლელო თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. საქართველოს ნაკრების ექს-ბურჯი საფრანგეთისა და ინგლისის ტოპ-კლუბებში თამაშის შემდეგ კარიერას შედარებით მოკრძალებულ „გრენობლში“ აგრძელებს და ბოლო მატჩში ზურა რომ არა, ეს გუნდი სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდებოდა.

„ოიონაქსი“ ალპელებს გამანადგურებელი ანგარიშით ამარცხებდა და უკვე გაწითლებულ დროში 38:3 იყო. „გრენობლმა“ ბოლო იერიში მიიტანა, მასპინძლები 5-მეტრახაზთან დაჯარიმდნენ, გრენობლელთა 9 ნომერმა ბურთი ეგრევე გაათამაშა ჟვანიასთან, ზურა კი ასეთ მომენტებში წყალში თევზივითაა. დამრტყმელმაც არ ააცილა გარდასახვა და „გრენობლს“ ნამუსი რამდენადმე მოეწმინდა – 38:10. ჟვანია თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთო და იმავდროულად მასპინძელთა შორის ვეტერანი ირაკლი მირცხულავა გამოჩნდა. ბექა კაკაბაძე კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეცვლაზე 71-ეზე შევიდა.

No description available.„აჟენი“ „ბაიონს“ 16:16 დაუზავდა და ამ მატჩის არწაგებაში მასპინძლებს გრიგორ ქერდიყოშვილი დაეხმარა, რომელმაც ბოლ 20 წუთი ითამაშა.

„ბეზიემ“ „პროვანსთან“ გასვლაზე ბონუსით, 15:20 წააგო და მის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ახალაძე იყო, ვინც 67-ეზე შეცვალეს.

„ნევერის“ სასტარტოში მარცხენა ბურჯად თორნიკე მატარაძე თამაშობდა, რომელიც 58-ე წუთზე დაასვენეს, მისმა გუნდმა კი ვანში 23:35 წააგო.

„ორიაკის“ სასტარტოში კი ერთბაშად სამი ჩვენებური იყო, თანაც სამივე – გიორგი: ქართველიშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს, ჯავახია – 54-ეზე, ხოლო ცუცქირიძემ შეუცვლელად ითამაშა. შედეგად ორიაკელებმა წყალწაღებული „ნარბონი“ 18:13 დაამარცხეს და ბონუსიც გაატანეს.

„მონტობანმა“ „კოლომიე“ 22:8 დაამარცხა. მასპინძელთა შორის მირიან ბურდული 45-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო სტუმრებს 58-ედან ვეტერანი ბექა შეყლაშვილი ეხმარებოდათ.
დაბოლოს, „მონ-დე-მარსანმა“ „კარკასონს“ 25:10 სძლია და ცხრილის სათავეში 61 ქულით დარჩა, ხოლო ბოლო დროს მომძლავრებული „ოიონაქსი“ ლიდერს კინკილა ქულითღა ჩამორჩება.