„მანჩესტერ სიტიში“ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ინგლისელი ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი „ეტიჰედზე“ დარჩება. სტერლინგს „ქალაქელებთან“ კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში გაუდის. აქამდე ფეხბურთელი სატრანსფერო თამაშებით იყო გართული — ესპანურ გრანდებს, „ბარსელონასა“ და „რეალს“ ეკეკლუცებოდა.
და აი, ბოლო ინფორმაციით „სიტის“ შეფები დამშვიდნენ. მათ სწამთ, რომ ფორვარდი ამ ზაფხულს კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ამბობენ, რომ ასეთი რწმენა სტერლინგსა და პეპ გვარდიოლას შორის ურთიერთობის დათბობამ გამოიწვია. გასული სეზონის მეორე ნახევარში გვარდიოლა 27 წლის ვარსკვლავს ხშირად აღარ ათამაშებდა, რამაც ეს უკანასკნელი გაანაწყენა.
რასაკვირველია, სტერლინგი გულუბრყვილო არ არის და უახლოეს პერიოდში დააკვირდება რა სიხშირით და რამდენ ხანს ათამაშებს კატალონიელი მწვრთნელი. მას მიაჩნია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში, მას მერე რაც „ლივერპულიდან“ „სიტიში“ 49 მილიონ გირვანქად გადავიდა, გუნდისთვის ბევრი ოფლი ღვარა და უკეთეს მოპყრობას იმსახურებს.
ოქტომბერში გაღიზიანებულმა თავდამსხმელმა თქვა, რომ მზადაა ნებისმიერ კლუბს დაელაპარაკოს. მან დააზუსტა, რომ მეტი სათამაშო დრო სჭირდება. ატყდა ლაპარაკი ესპანეთში გადასვლაზე, მაგრამ თანდათანობით გამოჩნდა, რომ არც „ბარსელონაა“ იმდენად წელგამართული სტერლინგის ჯიბეს რომ მოეწონოს და არც „რეალი“.
დაკვირვებისთვის ზაფხულამდე დრო აქვს „მანჩესტერ სიტისაც“. კლუბს რასაკვირველია არ უნდა, რომ ფეხბურთელებმა მათი კონტრაქტის ბოლო წელიწადი ძველი ხელშეკრულებით და გაურკვევლობით დაიწყონ.
ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მანჩესტერულ კლუბსა და სტერლინგის წარმომადგენლებს შორის თებერვალში დაიწყება.
ამბობენ იმასაც, რომ ფეხბურთელს საახლობლოში უთქვამს, არსად წამსვლელი აღარ ვარო.