See the source imageფიფამ სამი მწვრთნელი შეარჩია: რობერტო მანჩინი, ხოსეპ გვარდიოლა და თომას ტუხელი… ამ სამიდან ერთ-ერთი გახდება 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი.

დაჯილდოვება 17 იანვარს გაიმართება ციურიხში. რთულია თქმა, თუ რომელია ფავორიტი (ან რომელი აუტსაიდერი). მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა, ხოლო გვარდიოლას „სიტი“ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა მატჩს იგებს (ეგაა, ის თითო-ოროლა სწორედ რომ გადამწყვეტი თამაშია ხოლმე)…

შარშან და შარშანწინაც წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელეს. მანამდე?

პირველად ფიფას ჯილდო კლაუდიო რანიერიმ მოიგო (2016), მერე ზინედინ ზიდანმა (2017) და დიდიე დეშამმა (2018).

მოკლედ, ახლა ყველა ვარიანტში ახალ სპეციალისტს დააჯილდოვებენ.

ალბათ იცით, ფიფას გამოკითხვაში 25-25 პროცენტით მონაწილეობენ: სპორტული მედია, ქომაგი, ეროვნული გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები. საქართველოდან, სპორტული მედიის ნაწილში ფიფას პარტნიორი რა ხანია „სარბიელი“ გახლავთ. ჩვენი რჩეული მწვრთნელი ამჯერად ევრო 2020 – ის ჩემპიონი რობერტო მანჩინი გახლავთ…