რალფ რანგნიკი შიშობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემების გამოსასწორებლად დრო არ აქვს. ლაპარაკია იმ დროზე, რომელიც მას დროებითი მწვრთნელის კონტრაქტით აქვს გამოყოფილი. ამ ხელშეკრულების ვადა გერმანელს მაისის ბოლოს გაუდის.

„დეილი მეილმა“ შეიტყო დიდი სირთულეების შესახებ, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა რანგნიკი მას მერე რაც „იუნაიტედის“ ტოქსიკურ გარემოში ამოჰყო თავი. ამბობენ, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ ახლა ისეთივე ბნელი პერიოდი დგას, როგორიც ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობისას იდგა. გუნდი გატეხილია. შემადგენლობის ნახევარს წასვლა უნდა. გასახდელში დაჯგუფებებია. გუნდი უსახურად თამაშობს და პრემიერლიგის ცხრილში მე-7 ადგილზეა.

რანგნიკი ამბობს, რომ ასეთი მდგომარეობის გამოსწორება მაისამდე შეუძლებელია და „იუნაიტედს“ რამეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუხერხებს, ზაფხულში ორწლიან კონტრაქტს თუ გაუფორმებენ.

საქმე ის არის, რომ 63 წლის სპეციალისტის პოზიცია სუსტია. მოთამაშეებმა იციან, რომ მწვრთნელს დროებითი ხელშეკრულება აქვს და მისი იდეების გათავისებით მაინცდამაინც არ იკლავენ თავს. აზრს ვერ ხედავენ, ახლა ერთი სტილის ფეხბურთს მიეჩვიონ და მერე, ახალმა მწვრთნელმა მეორე მოსთხოვოთ. რანგნიკს რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება რომ ჰქონოდა, სხვა იქნებოდა.

„დეილი მეილი“ წერს, რომ „იუნაიტედის“ პრობლემების უმეტესობა ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის დროს გაჩნდა, მაგრამ გერმანელის მეთოდების სისწორეში ეჭვი მაინც ბევრს ეპარება. ეჭვის თვალით უყურებენ ასისტენტებს კრის არმასსა და ევან შარპსაც.

არმასი გახლავთ კაცი, რომელიც ბოლო 15 თვეში ორჯერ გააგდეს სამსახურიდან. ეს ამერიკულ კლუბებში, „ნიუ იორკ რედ ბულზსა“ და „ტორონტოში“ მოხდა. შარპი კი რანგნიკს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ მოჰყვა.

რანგნიკი ფეხბურთელებში დიდი ეგოიზმის ელემენტს წააწყდა. გაზეთი წერს, რომ ეს თავკერძობა ჯერ კიდევ მოურინიუმ აღმოაჩინა. და მართალია, კლუბი ზოგ მოთამაშეს ახლავე სიამოვნებით გაუშვებდა, მაგრამ იმხელა ხელფასები აქვთ, რომ ყიდვა არავის უნდა.

მაგალითად, ანტონი მარსიალს კვირაში 200 000 გირვანქა აქვს. მისი შეძენა „სევილიას“ უნდა, მაგრამ ამხელა გასამრჯელოს ვერ ჰპირდება. ფილ ჯონსს კი კვირაში 120 000 აქვს და… სულ დაშავებულია.

გამოდის, რომ რანგნიკი მოუთმენლად ელის ზაფხულს, როდესაც გუნდიდან წავლენ თავისუფალი აგენტები ჯესი ლინგარდი, ედინსონ კავანი, ხუან მატა და პოლ პოგბა, თუმცა ამ უკანასკნელზე თქვეს, რომ კლუბმა კვირაში 500 000 შესთავაზა.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოთვლილებს ზაფხულში კუდში მიჰყვებიან, თუ „იუნაიტედმა“ ამ იანვარშივე არ მოიშორა ისინი თავიდან.