კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები.

შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა.

არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი, რომელიც „ინტერში“ ერიკსენის მწვრთნელი იყო. სწორედ კონტეს ინიციატივა გახლდათ „ინტერის“ მიერ ერიკსენის შეძენა. მაშინ ტრანსფერი დაახლოებით 17 მილიონი გირვანქა დაჯდა.

კრისტიან ერიკსენს ევრო 2021-ში ჩატარებული ევრო 2020-ის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, ფინეთთან შეხვედრაში ის მოედანზე დაეცა, გულის შეტევა ჰქონდა. 29 წლის ფეხბურთელი გადაარჩინეს, შემდეგ კი ოპერაცია გაუკეთეს და გულში დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

სწორედ დეფიბრილატორი გახდა იმის მიზეზი, რომ „ინტემა“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. იტალიური კანონების თანახმად ამ ქვეყანაში ადამიანს, რომელსაც გულში აპარატი უდგას თამაში ეკრძალება.

ერიკსენის წარმომადგენელი მარტინ შუტსი: „კრისტიანის საქმეები კარგად მიდის. შობის წინ მან ყველანაირი გამოკვლევა ჩაიტარა და იმდენად კარგი შედეგი ჰქონდა, რომ გადავწყვიტეთ იანვრის ბოლოს ერთ-ერთ გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყოს. მალე ყველაფრის შესახებ თავად კრისტიანი ილაპარაკებს.

ერიკსენი ამბიციური ადამიანია. იტალია კი ერთადერთი ქვეყანაა ამგვარი რეგულაციებით. სხვა ქვეყნებში სხვა კანონები მოქმედებს. ახლა კრისტიანი თავისუფალი აგენტია, დანარჩენს კი ვნახავთ“.