მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გულახდილად ისაუბრა საპატიმროზე, ტრანსფერებზე, მენეჯმენტზე… ჰიონესი ის კაცია, გადასახადების დამალვისთვის ციხეში რომ იჯდა. 2014 წელს მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი, მაგრამ წელიწადსა და ცხრა თვეში გაათავისუფლეს.
„დიახ, დიდი შეცდომა დავუშვი. ამან ჩემს რეპუტაციას დაარტყა და პასუხისმგებლობა ავიღე. თუმცა პატივს მცემდნენ ისინიც კი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. შემეძლო ბრძოლა, სარჩელის შეტანა და ციხის თავიდან არიდება, მაგრამ ოჯახში ვისაუბრეთ და ვთქვი: სასჯელს მოვიხდი. ვფიქრობ, საპატიმრომ უფრო ძლიერი გამხადა“.
ჰიონესს ჰკითხეს, „ბაიერნმა“ შეგნებულად ხომ არ დაასუსტა „ლაიფციგი“, რადგან მასში კონკურენტი დაინახაო… იგულისხმებოდა იულიან ნაგელსმანის მწვრთნელად მიყვანა.
„ბევრი გადავიხადეთ? ნაგელსმანი ამდენი ღირს. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰანს-დიტერ ფლიკი წაიყვანა „ბაიერნიდან“, მაგრამ მათ არ აკრიტიკებდნენ. ჩვენ კი ნაგელსმანის მოტაცება დაგვაბრალეს. ნაგელსმანს თუ მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა, ფლიკსაც იგივენაირად ჰქონდა. აქ უკვე ორმაგი სტანდარტებია. ზოგადად კი მწვრთნელების სისტემატურ ტრანსფერებს არ ვეთანხმები, ეს ნორმა არ უნდა იყოს“.