„სანი“ წერს, რალფ რანგნიკს საქმე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაყრისკენ ისე მიუდის, თაფლობის თვე არ ჰქონიაო. გაზეთის აზრით, რაც გერმანელი მანკუნიანელთა მწვრთნელია, მხოლოდ „ბარნლისთან“ თამაშის პირველი 35 წუთი ვარგოდა, დანარჩენი კი წყალშია გადასაყრელი.

გუშინ, ჟოაო მოუტინიუს დარტყმით „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ვულვერჰემპტონმა“ მოუგო და მთავარი ეს ერთი დარტყმა არ ყოფილა — სტუმრები „ოლდ ტრეფორდზე“ გამარჯვებას გულწფელად იმსახურებდნენ.

მსაჯის წამატებულ დროში იყო ეპიზოდი, როდესაც მანჩესტერელების სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა და ბრუნო ფერნანდეშის დარტყმული ვულვზის პორტუგალიელმა მეკარემ ჟოზე სამ მოიგერია. ამ ეპიზოდში გოლი რომ გასულიყო, ალბათ სამართლიანი არ იქნებოდა.

ერთადერთი გამართლება, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეიძლება შევურჩიოთ ის არის, რომ გუნდმა 8 დღეში მესამედ ითამაშა, „ვულვზი“ კი Covid 19-ის გამო 19 დეკემბრის შემდეგ ისვენებს, მაგრამ „იუნაიტედის“ ფანები ამდენი თავის მართლებით დაიღალნენ.

ის რომ „ვულვერჰემპტონმა“ ერთზე მეტი ვერ გაიტანა, გასაკვირი არ არის. „ვულვზი“ პრემიერლიგის 20 გუნდს შორის ერთადერთია, რომელიც გატანილი გოლებით აუტსაიდერ „ნორვიჩს“ სჯობნის — „ნორვიჩს“ სულ რაღაც 8 გოლი აქვს შეგდებული. „ვულვერჰემპტონის“ მონაგარიც მოკრძალებული გახლავთ —14. არადა, შეხვედრის საწყის პერიოდში სტუმრებმა თხუთმეტჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, აქედან ოთხჯერ ჩარჩოში და 6 კუთხური მოაწოდეს.

როგორც ვთქვით გოლები ვერ გააქვს, მაგრამ საინტერესოა, რომ დეკემბერში „ვულვერჰემპტონს“ სულ ლიდერებთან უწევდა თამაში. მან „მანჩესტერ სიტისთან“ და „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით (0:1) წააგო. თან „სიტისთან“ შეხვედრაში, მის კარში დანიშნული პენალტი მთლად პენალტიც ვერ იყო, „ლივერპულთან“ კი თითქმის ბოლომდე გაძლო, 90+4-ე წუთზე გაუშვა. და კიდევ, ზემოთ რომ 19 დეკემბერი ვახსენეთ, იმ დღეს „ვულვზმა“ „ჩელსისთან“ ითამაშა 0:0.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კი გუშინ გაუმართლა, დავიდ დე ხეა საუცხოო ფორმაში რომ ჰყავს.

ახლა „იუნაიტედი“ 19 თამაშის შემდეგ მე-7 ადგილზეა, „ვულვზი“ კი 28 ქულით მის გვერდზე, მე-8 ადგილზეა მოკალათებული.