No description available.ქართველმა მორაგბეებმა 2022 წელი ძალიან ენერგიულად და წარმატებულად დაიწყეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა არ ისვენებს და აქ მორიგი ტურები ყოველ უქმეებზე სტაბილურად ტარდება.

ჰოდა, თუკი გასული წელი ქართული ლეგიონისთვის მაჟორულად დაიხურა, როცა კასტრელმა ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო და თავის გუნდს მოაგებინა, ახალი წელი საფრანგეთში მოთამაშე ბორჯღალოსნებმა ორმაგად მაჟორულად გახსნეს.

ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ში 48-ე მატჩი ჩაატარა და მესამე ლელო მიითვალა. მისი „ბრივი“ „პოსთან“ გასვლით მატჩში საკმაოდ სოლიდური სხვაობით დამარცხდა – 20:43, თუმცა საქართველოს ნაკრების 25 წლის 9 ნომერმა მასპინძლები უკვე მე-3 წუთზე დაალელოვა, როცა მატჩის პირველივე შერკინებიდან ბურთი გამოიტანა და ელვის სისწრაფით „პოს“ ჩათვლის მოედანზე შევარდა, რაც მას ასე კარგად გამოსდის ხოლმე ბორჯღალიანი კვართით. მიმდინარე სეზონში ვასკამ თავი პირველად გამოიჩინა, თუმცა მისი გუნდი კვლავაც ცხრილის ბოლოსკენ მიჩანჩალებს.

ლობჟანიძე 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მის გარდა ბრიველთა სასტარტოში ლუკა ჯაფარიძეც იყო, რომელმაც ტრავმა მიიღო და ადგილი სოსო ბეკოშვილს დაუთმო. გამარჯვებულთა შორის კი მორიგი კარგი მატჩი ბექა გორგაძემ ჩაატარა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთერთ გამორჩეულ ფლანკერად სწორედ 25 წლის ქართველი მესამეხაზელი შეიყვანა.

თორნიკე ჯალაღონიამ კი ტოპ 14-ში თავის მე-10 მატჩში სულაც სადებიუტო ლელო გაიტანა. 23 წლის მესამეხაზელმა თავის „ბიარიცში“ 80-ვე წუთი ითამაშა და თავი ყველაზე საჭირო მომენტში გამოიჩინა. „ბორდო“ ბასკურ კლუბს იოლად ამარცხებდა – 25:6, და 23 წლის ქართველმა თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ბიარიცელთა ხანგრძლივი შეტევა დააგვირგვინა – ბურთი რაქიდან აიტაცა და ნახტომში ცალი ხელით ხაზს იქით დაამიწა. ამას ბორდოელებმა ლელოთი მალევე კი უპასუხეს, მაგრამ სტუმრების შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ბოლო წუთებზე მათ კიდევ ორი ლელო-გარდასახვა გაიტანეს და დრო რომ ჰქონოდათ,  ალბათ მოიგებდნენ კიდეც. ისე კი, ბონუს-ქულას გამოკრეს ხელი – 27:30. თორნიკეს გარდა „ბიარიცის“ სასტარტოში ლუკა აზარიაშვილიც იყო, ვინც 65-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გათამაშების ლიდერის შემადგენლობაში 47-ეზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა.

No description available.„სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ 27:17 სძლია. პარიზელთა შორის შეცვლაზე ვასილ კაკოვინი (51-ე წუთზე) და გიორგი მელიქიძე (68-ეზე)  შევიდნენ, ხოლო დუდუ ქუბრიაშვილმა კატალონიური გუნდის შემადგენლობაში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა.

„კასტრი“ შინ „ლა როშელთან“ 17:30 აგებდა, მაგრამ 59-ეზე ბრძოლაში ლევან ჩილაჩავა ჩაერთო და შედეგმაც არ დააყოვნა – მასპინძლებმა მიჯრით ორი ლელო-გარდასახვა გაიტანეს და მრისხანე მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს – 31:30 და მებრძოლი „კასტრი“ ცხრილის მეოთხე საფეხურზეა.

„ლიონსაც“ უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუხდა. ბექა საღინაძემ „რასინგ-92“-ის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, დავით ნინიაშვილი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო პარიზელთა შორის საწყისი 50 წუთი გურამ გოგიჩაშვილმა იომა. შედეგი – 37:35 და „რასინგმა“ ლიონიდან სანუგეშო ბონუსი წაიღო.