„ბარსელონას“ თავკაცმა ჩავიმ გუნდში ახალი ვარსკვლავის ფერან ტორესის გამოჩენა სიხარულით აღნიშნა. მოგეხსენებათ, ტორესი „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგება 2021 წლის ბოლოს შედგა. მართალია, კლუბები ქაღალდებს ოფიციალურად ჯერ კიდევ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთელი უკვე ჩავიდა კატალონიის დედაქალაქში.
ესპანური პრესა წერს, რომ ჩასვლის მიუხედავად თავდამსხმელი ახალ გუნდში სათამაშოდ ჯერჯერობით არ არის მზად. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და გამოჯანმრთელების გზას ადგას. ტორესს მოედანზე იანვრის ბოლოსკენ ვიხილავთ.
ჩავიმ Barca TV-თან საუბარში აღნიშნა, რომ 21 წლის ვარსკვლავი ძალიან მოსწონს და უახლოეს მომავალში მას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრებს.
„ფერან ტორესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, — თქვა ჩავიმ, — ის ძალიან ამბიციური თავდადებული და მოწადინებული ადამიანია. ამ თვისებების წაკითხვა მის თვალებში შეიძლება. ფერანს უძლიერესი მენტალიტეტი აქვს“.
„ბარსელონა“ საქმეს დღეს უბრუნდება. უფრო სწორედ, „ბარსა“ მალიორკაზე თამაშს რომ დაიწყებს, საქართველოში უკვე შუაღამე, 3 იანვარი იქნება.
კატალონიელთათვის ძალიან უსიამოვნო ფაქტია, რომ განაცხადის თხუთმეტმა ფეხბურთელმა Covid 19-ისა და ტრავმების გამო შესაძლოა ამ შეხვედრაში ვერ ითამაშონ. „ბარსას“ მატჩის გადადება უნდოდა, მაგრამ ლა ლიგამ უარი შემოუთვალა.