„ვალენსიას“ მიმდინარე ჩემპიონატში ლა ლიგის ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს, მაგრამ ახალი წლის საღამოს ეს იმედი შეირყა — „ღამურებს“ „ესპანიოლმა“ 2:1 მოუგო, თან მათ მოედანზე, „მესტალიაზე“. ბარსელონელებმა ორივე გოლი თამაშის ბოლოს, 83-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს.
არადა, დასვენებულმა ვალენსიელებმა, რომელთაც წინა თამაში ათი დღით ადრე ჰქონდათ, ყინჩად დაიწყეს. „ესპანიოლი“ თავის საჯარიმო მოედანს მიეჯაჭვა. „ჩეები“ ნახევარმომენტებს ქმნიდნენ.
თუმცა, მე-9 წუთზე უგო დურომ თავურით ძელსაც გაარტყა ბურთი, რასაც ნახევარმომენტად ნამდვილად ვერ ჩავთლით.
და მაინც, რადგან მასპინძლებმა გამწვავება მაინცდამაინც ვერ მოახერხეს, სტუმრები თანდათანობით გამოცოცხლდნენ და მოედნის გადაღმა ბოლოში, ჯასპერ სილესენის კართან დაიწეს ჩხვლეტა.
სილესენი მოგეხსენებათ „ვალენსიას“ მთავარი მეკარეა, რომლის ოსტატობის გამოც ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე ზის, თუმცა ამ შეხვედრაში ჰოლანდიელმა დიდად ვერ გამოიჩინა თავი, რაშიც მატჩის ვიდეომიმოხილვის ნახვისას დარწმუნდებით.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების მერე, მეორე ტაიმის მე-5 წუთზე „ვალენსიამ“ მაინც გახსნა ანგარიში — გოლი პარაგვაელმა ომარ ალდერტემ გაიტანა.
83-ე წუთზე ბარსელონელებმა გაქვითეს. დურომ საჯარიმოში პენალტი და მეორე ყვითელი ბარათი აიკიდა, „ესპანიოლის“ თილისმამ რაულ დე ტომასმა კი თერთმეტი მეტრიდან შეაგდო.
88-ე წუთზე კი ხოფრე კარერასმა (სწორედ მან, ვინც ხუთი წუთით ადრე პენალტი მოინადირა) თავურით სტუმართა გამარჯვების გოლი შეაგდო.
ცნობისთვის: აქამდე „ესპანიოლს“ „მესტალიაზე“ ბოლო 12 შეხვედრა არ მოეგო. მეტიც, ამ თორმეტიდან ათი წაგებული ჰქონდა.
19 ტურის შემდეგ „ვალენსია” ლა ლიგის ცხრილში 28 ქულით მე-8 ადგილზეა ხოლო ესპანიოლი 26 ქულით გვერდში ამოუდგა.