რალფ რანგნიკის პირველი პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული გამოდგა. ამიტომ, ვითარების განმუხტვისთვის  ასეთი მოგება მისწრება იყო: 3:1 „ბარნლისთან“. და აქ მხოლოდ ანგარიშზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, თამაშის ხარისხიც კარგი გამოვიდა.

არადა, რა არის დასამალი, „ოლდ ტრეფორდის“ გარშემო უკვე კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა გერმანელი მწვრთნელი ისეთი კალიბრის გუნდის გაძღოლას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“.

თავად განსაჯეთ, აქამდე იყო უსახური გამარჯვება შინ „კრისტალ პალასთან“ (1:0), იღბლიანი მოგება იმავე ანგარიშით „ნორვიჩთან“ და საშინელი თამაში „ნიუკასლთან“, რომელშიც რანგნიკი და მისი შეგირდები წაგებას ბედად გადაურჩენ.

„ბარნლისთან“ კი სხვა თამაში გამოვიდა: ანგარიში სკოტ მაკტომინეიმ მე-8 წუთზევე გახსნა. 27-ე წუთზე ბენ მიმ ჯეიდონ სანჩოს დარტყმული თავის კარში გადაამისამართა, 35-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ მესამე შეაგდო.

„სენტ ჯეიმსის პარკზე“ ჩატარებული უხარისხო 90 წუთის შემდეგ, ასეთი 35 წუთი მანჩესტერელთათვის ერთ რამედ ღირდა.

აქ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ბარნლი“ ვერ იყო იშტაზე. ეს ნამდვილად არ გახლდათ ამ გუნდის საუკეთესო თამაში. საერთოდაც, „ბარნლის“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მოგებით შეუძლია თავის მოწონება.

თან ბედი არ გინდა? Covid 19-ის გამო სტუმართა ისედაც სუსტ გუნდს ბოლო სამი თამაში გადაუდეს და ბურთაობა ლამის გადავიწყებული ჰქონდა. პლუს, „ბარნლის“ ოთხი წამყვანი ფეხბურთელიც აკლდა.

რანგნიკმა კი ნიუკასლში ნათამაშევი შემადგენლობა ექვსი კაცით შეცვალა. ამ ექვსი ცვლილებიდან იძულებითი მხოლოდ ერთი იყო — ბრუნო ფერნანდეში ჰყავდა დისკვალიფიცირებული. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ როტაცია თანამედროვე გუნდებში ჩვეული ამბავია, მაგრამ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელის შეცვლა ვითომ დაგეგმილი როტაციაა?

38-ე წუთზე „ბარნლიმ“ ერთადერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ეს 34 წლის აარონ ლენონმა შეძლო.

3:1! — ასე მიულოცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს მე-80 დაბადების დღე.