
საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო ამბები დიდ ბრიტანეთშიც ხდება. ასე მაგალითად, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექემი ბოლოს და ბოლოს რაინდი გახდება, რადგან… სახელმწიფოსთან ანგარიში გაასწორა.
არა, რაინდი იმიტომ კი არ გახდება, რომ ხაზინასთან ურთიერთობა გაარკვია, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ მისი სტატუსი წითლიდან მწვანედ შეცვალა და ახლა შეიძლება აღსრულდეს ის, რაც 2013 წელს უნდა მომხდარიყო.
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელიც ახლა 46 წლისაა, იმპერიის უმაღლესი ჯილდოს მისაღებად რეკომენდაციას 2022 წლის ივნისში მიიღებს — შერჩეულთა სიაში მოხვდება.
ვერ გეტყვით ვისთვის იყო ცნობილი და ვისთვის არა, მაგრამ ბექემი გადასახადების დამალვაში ათი წლის წინ ამხილეს და მას მერე მთელი დეკადა მტყუანისა და მართლის გარჩევას დასჭირდა. წლეულს, აგვისტოში, ფირმამ რომელსაც მისი აღმატებულების შემოსავლების სამსახური და საბაჟო ეშმაკურ სქემაში მონაწილეობის გზით სახელმწიფოსგან თანხის დამალვას ედავებოდა, სასამართლოს გზით ყველაფერი მოაგვარა. სასამართლოდან გამოსული ხმების თანახმად დევიდი, ისევე როგორც ბევრი სელებრითი საკითხში ხეირიანად ვერ ერკვეოდა, რითაც ვიღაცებმა ისარგებლეს.
როგორც ვთქვით, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი სერი გახდება.
გუშინ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა და საქველმოქმედო საზოგადოებამ ხმამაღლა თქვეს, რომ ინგლისური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი და გულუხვი ქველმოქმედი რაინდობას იმსახურებს — დაგვიანებულიც კი არისო.