საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონის ნახევარი გაილია. ტოპ 14-ში იქაური შობის შემდეგ ეგრევე გაიმართა პირველი წრის ბოლო, მე-13 ტური, მაგრამ თუკი მანამდე ყველა ტური სრულად ჩატარდა, კორონავირუსის პანდემიამ ამჯერად მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ევროპის უძლიერეს ეროვნულ ჩემპიონატში.
ტურის 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ჩატარდა, ყველა დანარჩენი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა სიმრავლის გამო გადაიდო, მაგრამ ამ 3 გამართულ შეხვედრაშიც კი ექვსმა ქართველმა ითამაშა. ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მათგანმა კი ქართული სარაგბო სეზონი ლელოთი დახურა.
ფრანგულ კატალონიაში გამართულ მატჩში „პერპინიანი“ „კასტრს“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 19:13 ამარცხებდა და ბევრი არც არაფერი აკლდა, რომ მოეგო და ცხრილის ფსკერისთვის თავი დაეღწია. მაგრამ როცა თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთიღა რჩებოდა, „კასტრმა“ თავისი დერეფანი მოიგო და ძალიან მძლავრი მოლი ააგორა, თუმცა პერპინიანელებმა და მათ შორის შეხვედრაში 56-ე წუთზე ჩართულმა დუდუ ქუბრიაშვილმა ეს შემოტევა რამდენადმე გაანეიტრალეს, გააჩერეს რა კასტრელი ფორვარდები ზედ თავისი ლელოს ხაზზე. თამაში რაქში გადავიდა და აი, აქ კი საქმეში „კასტრის“ ქართველი ჩაერთო
ლევან ჩილაჩავა შეცვლაზე 58-ეზე შევიდა და ხსენებული შეტევის დაგვირგვინებაც მან ითავა – რაქიდან ბურთი აიტაცა და მიუხედავად იმისა, რომ მხრებზე სამი ზორბა მეტოქე ეკიდა, ლელოში მაინც შეაღწია. ისე, ოპონენტი ორჯერ მეტიც რომ ყოფილიყო, ლევანს ესეც ვერ დააბრკოლებდა – ყველამ იცის, რომ ჩილაჩავა ასეთ ეპიზოდებში თავს როგორც თევზი წყალში გრძნობს და ამ კომპონენტში მას ბადალი ძნელად თუ მოეძებნება.
მოკლედ, შევარდა ჩვენი ლევანი ლელოში, ბურთის დამიწებაც დააფიქსირა და სტუმართა ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, ხოლო არგენტინელმა ჩუბინმა ბენხამინ ურდაპიშეტამ გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 20:19.
დუდუს გუნდი ბონუსს დასჯერდა, რომელმაც, სხვათა შორის, ბოლო ადგილს მაინც მოაშორა.
მე-14 საფეხურზე კი „ბიარიცი“ დარჩა, რომელმაც ბასკეთში ბოლო დროს მომძლავრებულ „მონპელიეს“ უმასპინძლა და ბონუსიანი გამარჯვებაც გაატანა – 12:27. თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა 56 წუთი ითამაშა, მეორემ – 62 და მოედნიდან სწორედ მათი გასვლისა და მონპელიელთა შემადგენლობაში 62-ეზე გელა აფრასიძის გამოჩენის შემდეგ გაიტანა სტუმარმა გუნდმა ორი გადამწყვეტი ლელო-გარდასახვა.
ტური კი „ლა როშელისა“ და „ლიონის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა საკმაოდ მარტივად – 25:3 მოიგეს. აქ მხოლოდ ერთმა ჩვენებურმა ითამაშა – ნორჩმა დავით ნინიაშვილმა 80-ვე წუთი შეუცვლელად ჩაატარა, ჩვეულად აქტიურობდა, თუმცა ის დღე ლიონისა არ იყო.
ლიდერი 42-ქულიანი „ბორდო“ გახლავთ, რომელსაც 2-2 ქულით „ტულუზი“ და „მონპელიე“ ჩამორჩებიან, თუმცა ამ უკანასკნელს ერთი მატჩით მეტი აქვს ნათამაშები.