ვისენტე დელ ბოსკე 71 წლის გახდა. სადღაა ულვაში? ახლა კი არა, სამწვრთნელო კარიერის დასრულებისთანავე შეიცვალა იმიჯი. უკვე 5 წელია, დამსახურებულ პენსიაზეა. როგორც თავად თქვა, სწორედ „რეალში“ ფეხბურთელობის პერიოდში მოუშვა ულვაში. ამ ულვაშს 43-წლიანი ისტორია აქვს.

კაცი, რომელსაც მიუღწეველი არაფერი დარჩა, ხოლო რას მიაღწია, ამის ახლა ჩამოთვლა არასერიოზული იქნება. მხოლოდ მოკლედ: ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატიც, ევროპის ჩემპიონატიც და ჩემპიონთა ლიგაც.

71 წლის წინ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში დაიბადა ეს იღბლიანი კაცი. მადრიდის „რეალში“ 17 წლის ასაკში მოხვდა, მერე ანათხოვრებდნენ და აი, 22 წლისას გაუფორმეს ახალი კონტრაქტი – დაიტოვეს გუნდში და 11 წელიწადი აღარსად აღარ გაუშვეს.

„მისტერ კარტოფილი“ (ასეც ეძახდნენ) საყრდენი იყო, სული და გული, დაახლოებით ჯენარო გატუზოს პროტოტიპი. აი, ის ტიპი, წმინდა საფეხბურთო კუთხით ერთ-ერთი ბოლო რომ იქნება გუნდში, მაგრამ თავს რომ გაწირავს, ბოლომდე რომ ენდობი, გუნდს რომ ჩააბარებ ოჯახის წევრივით…

No description available.
1981 წელი. ვისენტე დელ ბოსკე და მადრიდის „რეალი“ თბილისში

No description available.დელ ბოსკე ორჯერ იყო საქართველოში. პირველად 1981 წლის 4 მარტს, როცა მოსკოვის „სპარტაკი“ ეთამაშებოდა „რეალს“. ულვაშა მაშინ შეცვლაზე შევიდა. „სპარტაკში“ კი ორმა ქართველმა ითამაშა: მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებმა.

4 მარტი… იმ დღეს თბილისის „დინამომ“ ლონდონში „ვესტ ჰემს“ 4:1 მოუგო, თბილისში კი ეს ამბები ხდებოდა.  შეხვედრა „დინამოს“ სტადიონზე 0:0 დასრულდა, მერე კი მადრიდში „სამეფო გუნდმა“ 2:0 მოიგო.

მადრიდელები ფინალში გავიდნენ და „ლივერპულთან“ 0:1 წააგეს. დელ ბოსკე-ფეხბურთელს ჩემპიონთა თასი არ ეღირსა.

მეორე ვიზიტი კი 2012 წელს შედგა. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა თბილისში ბოლო წუთებზე 1:0 გატეხა საქართველოს ნაკრები.

ძალიან მაინტერსებდა მისი ფენომენი. სპეციალურად ვაკვირდებოდი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან (თან, რა ფეხბურთელებთან…) და ჩანდა, რომ უსიტყვოდ უგებდნენ,  დიდ პატივს სცემდნენ. დარბაზში ჩავისა და ჩაბი ალონსოს ესაუბრებოდა, მათ კი თვალი არ მოუცილებიათ, უსმენდნენ, მერე ერთმანეთს ხელი გადახვიეს და მაგიდასთან დასხდნენ.

როცა დელ ბოსკეს ჰკითხეს, რა უთხრა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ფეხბურთელებს, აი, რა უპასუხა:

„თამაშის დილას მათ ვუთხარი, რომ თავი წარმოედგინათ რომანტიკოსებად. ეფიქრათ ყველაფერ ლამაზზე, თუნდაც პირველ სიყვარულზე. რა პროფესიონალიზმსაც არ უნდა მიაღწიოთ, რა ფულიც არ უნდა იშოვოთ, მთავარია სილამაზე და კეთილშობილება. და ფეხბურთიც სწორედ ესაა, ცხოვრების ანარეკლი. მათ ვუთხარი, რომ ისინი არ არიან ჯარისკაცები, ისინი საომრად არ არიან. მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი ლამაზი აქვთ და რომ წარმოუდგენელი ტალანტები არიან, რომლებიც უბრალოდ უნდა გავიდნენ მოედანზე და სიამოვნება მიიღონ“.