ბელორუსული მედია საკუთარ ჩემპიონატს შეეხო, მაგრამ საქმე ისე გამოუვიდა, მეტი დრო თბილისის „დინამოს“ დაუთმო.

ბელორუსები წერენ, რომ მათ ჩემპიონატში საქმე კარგად არ არის. ბოლო დროს ტრანსფერების მხრივ მხოლოდ გადინებაა და არანაირი შევსება არ ხდება, შედეგად გუნდები სუსტდებიან.

ბელორუსის ჩემპიონატის ტოპ-ლეგიონერები ისრაელში გადაბარგდნენ, მიდიან უკრაინელები და რუსები. მეტიც, უკვე ბელორუსებმაც დაიწყეს „გაქცევა“. „ტორპედო-ბელაზისა“ და ბელორუსის ნაკრების თავდამსხმელმა დმიტრი ანტილევსკიმ კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა. თბილისურ გუნდში ითამაშებს ბრესტის „დინამოს“ ფეხბურთელი სტანისლავ ბელენსკი, რომელიც 13 გოლით ბრესტული გუნდის ბომბარდირი გახდა. მათ პოლონეთიდან შეუერთდება სტივენ გოდფრი, რომელიც „იაგელიანიამდე“ ბელორუსული „ისლოჩის“ ფეხბურთელი იყო.

ბელორუსები წერენ, რომ ამ ტრანსფერებს სოლიგორსკის „შახტიორის“ ექს-მენეჯერი ალექსანდრე რეხვიაშვილი ჩარხავს, რომელიც ადრე სწორედ სოლიგორსკში მუშაობდა.

„რეხვიაშვილის მუშაობის დროს განხორციელდა წარუმატებელი და ამასთან გასაკვირი ტრანსფერები: დიასამიძე, შინდაგორიძე, ლულაკუ, ჩოსიჩი, კაბანანგა, დებელკო, უბაიდულაევი, ზაბელინი“, – წერენ ბელორუსები და ამ სიას არასრულს უწოდებენ.

ასევე გაიხსენეს რეხვიაშვილის დროს გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები, რომლებმაც შემდეგ უფრო წარმატებულად ითამაშეს და კონფლიქტი მთავარ მწვრთნელ იური ვერნიბუდთან, რომელმაც შუა სეზონში დატოვა გუნდი.