კაომინ კელეჰერი ლივერპულელთა დღის გმირი გახდა — ირლანდიელმა მეკარემ მერსისაიდელები „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში გაიყვანა.

კელეჰერმა პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია. მათ შორის იყო რაიან ბერტრანდის საბედისწერო თერთმეტმეტრიანი. იურგენ კლოპის გუნდმა „ლესტერთან“ ორგოლიანი ჩამორჩენა შემოატრიალა.

„მელიები“ 3:1-ს იგებდნენ! ვინ წარმოიდგენდა ამის შემდეგ, რომ „წითლები“ მსაჯის წამატებულ წუთებზე ანგარიშს გაათანაბრებდნენ და საქმეს პენალტების სერიაში გადაიყვანდნენ.

იქ, პენალტებში, როდესაც ლუკ ტომასის დარტყმული მოიგერია, 23 წლის კელერს ეგონა, რომ თავისი ამოცანა შეასრულა. ტაკუმი მინამინოსღა უნდა შეეგდო და ნახევარფინალის გზაც გაიხსნებოდა, მაგრამ იაპონელმა მიზანს ააცილა.

შემდეგ ზემოთ უკვე ნახსენები ბერტრანდის ჯერი დადგა. მან მართალია კუთხეში დაარტყა, მაგრამ სუსტად. მეკარეს ვერ აჯობა. დიოგო ჯოტამ კი ბოლო დარტყმით ივარგა.

„ლივერპულის“ ნახევარფინალში გასვლა ფეხბურთელების უტეხი სულის დამსახურება გახლდათ, თორემ მოედანზე უძლიერესი შემადგენლობა არ ყოფილა. იყვნენ ჯორდან ჰენდერსონი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და რობერტო ფირმინო, მაგრამ მო სალაჰისა და სადიო მანეს გვარები განაცხადშიც არ ეწერა. ეს ამბავი „ლესტერმა“ დამატებით გამოწვევად მიიღო და მე-9 და მე-13 წუთებზე ორი გოლით დაწინაურდა. ორივე ჯეიმი ვარდიმ შეაგდო.

მე-19 წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ 33-ზე ჯეიმს მედისონმა „მელიების“ მესამე გოლი გაიტანა.

სხვა დანარჩენი კი მეორე ტაიმში მოხდა — 68-ე წუთზე დიოგო ჯოტამ შეამცირა სხვაობა, 90+5 წუთზე კი მინამინომ გაქვითა.

ამის მერე გუნდებმა პენალტები დაარტყეს.