„ატლეტიკომ“ ყველასთვის მოულოდნელად „ლოს კარმენესზე“ „გრანადასთან“ 1:2 წააგო. მადრიდელები მე-2 წუთზე პორტუგალიელმა ჟოაო ფელიქსმა დააწინაურა, მაგრამ 15 წუთში ვენესუელელმა დარვინ მიჩისმა ანგარიში გაქვითა. მასპინძელთა გამარჯვების გოლი 39 წლის ხორხე მოლინამ გაიტანა.

ამ წაგების გამო ესპანეთის ჩემპიონი ახალ წელს მეხუთე ადგილზე შეხვდება. მას ერთი ქულით უტიტულო თანაქალაქელი „რაიო ვალეკანო“ უსწრებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „თეთრ-წითლები“ ლიდერ „რეალს“ 14 ქულით ჩამორჩებიან.

„გრანადა“ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების წყალობით მე-12 ადგილზეა.

„ფეხბურთელებს ვერაფერს ვეტყვი, — თქვა „მარკასთან“ ინტერვიუში „მატრასის მკერავთა“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, — მათ მოედანზე ბევრი კარგი რამ გააკეთეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. მომენტები კი იცოცხლე, გვქონდა. ერთი გოლი გაგვიუქმეს კიდეც. ერთადერთი, რაც შეიძლება დავიჩივლო ის არის, რომ „გრანადასთან“ ორ გოლს არ უნდა ვუშვებდეთ. ეტყობა ყურადღება მოვადუნეთ და ამის გამო დავისაჯეთ.

ასეთია ფეხბურთი. ხშირად ისეთ შეხვედრებშიც მარცხდები, რომლებშიც გამარჯვებას იმსახურებდი. ახლა უნდა დავმშვიდდეთ. მუშაობა უნდა განვაგრძოთ. ველოდებით როდის გამოჯანმრთელდებიან ჩვენი ცენტრალური მცველები. ისინი რომ დაბრუნდებიან, გადავიტვირთებით“.