ლევან ყენია ისევ აპირებს თამაშს… მან წლეულს გამოაცხადა, რომ კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ერთ დროს უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმებმა ძალიან აწვალა, ახლა 31 წლისაა.
ყენია გერმანიის რანგით მეოთხე ლიგის „იურდინგენში“ მუშაობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. „იურდინგენი“ ტრადიციული კლუბია, 80-იანებში ჰქონდა საუკეთესო წლები და თასების თასის ნახევარფინალშიც იყო. ეგაა, ფინანსური კუთხით მძიმე პერიოდი უდგას, პანდემიის გამო შარშან სულაც დაშლის პირას იყო. ახლა კი ლიგაში ბოლო ადგილზეა.
ლევანიც კიდევ აპირებს თამაშს, რათა გუნდს დაეხმაროს. მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
ყენია 16 წლის იყო, როცა კლაუს ტოპმიოლერის ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ითამაშა, თან ერთ-ერთი გამორჩეული – გემახსოვრებათ მატჩები შოტლანდიასთან, უელსთან, ირლანდიასთან, უკრაინასთან… იმ დროს ბუნდესლიგის ტოპ-ტალანტებს შორის ხუთეულშიც შედიოდა, ივან რაკიტიჩი „შალკეს“ სათადარიგოებში ჰყავდა გადასმული, მაგრამ კოჭის ტრავმამ უკან დასწია.