პეპ გვარდიოლამ ჯეკ გრილიში და ფილ ფოდენი სერიოზულად გააფრთხილა, რომ ვარჯიშზე ღამენათევები აღარასდროს მივიდნენ. მწვრთნელმა ისინი ნიუკასლში არ ათამაშა. წაიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დასვა. როგორც ირკვევა, „ლიდსთან“ 7:0 მოგების შემდეგ ხსენებულმა წყვილმა ლაზათიანად მოულხინა და მეორე დღეს აღდგენით ვარჯიშზე არ მივიდა.

საქმე მარტო ერთ წაქეიფებაშიც არ არის. გვარდიოლამ ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ მძვინვარე კოვიდეპიდემიის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

„ნიუკასლთან“ თამაშის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, რატომ მიმართა როტაციას. კატალონიელმა უპასუხა:

„არა, ეს როტაცია არ იყო. მე ვათამაშე ის ფეხბურთელები, რომლებიც ამას იმსახურებდნენ. ვინც არ იმსახურებდა, მან არც ითამაშა.

შობის პერიოდში ფეხბურთელების ქცევას დიდ ყურადღებას ვაქცევ. ამ დროს დისციპლინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. და როდესაც აღმოჩნდება, რომ არიან ფეხბურთელები რომელთაც მოედანს მიღმა პრობლემები აქვთ, მათ აღარ ვათამაშებ.

შობის პერიოდში ზეიმია, გარშემო ბევრი ცდუნებაა და ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

გვარდიოლას კონკრეტულად ფოდენი და გრილიში არ დაუსახელებია, მაგრამ „ლიდსთან“ და „ნიუკასლთან“ ნათამაშევ შემადგენლობებს შორის განსხვავება სამ კაცში იყო და მათგან ორი ფოდენი და გრილიში იყვნენ. მესამე გახლდათ ჯონ სტოუნზი, რომელმაც „ლიდსთან“ ითამაშა, მაგრამ „ნიუკასლთან“ დაბრუნებულ ჟოაო კონსეისაოს დაუთმო მისი ადგილი.

თავად გვარდიოლა „ლიდსთან“ შეხვედრის მეორე დღეს, ოთხშაბათს, „სიტის“ ვარჯიშზე არ ყოფილა. ის ბარსელონაში იყო, სადაც სერხიო აგუეროს გამოსათხოვარ პრეს-კონფერენციას დაესწრო.

ვარჯიშზე, რომელიც მწვრთნელის გარეშე ჩატარდა, რთული არაფერი იყო დაგეგმილი. წინა დღეს ნათამაშევ ფეხბურთელებს ძალები უნდა აღედგინათ. ის გვარდიოლას ასისტენტებმა ჩაატარეს. როგორც ამბობენ, გრილიში სწორედ ამ ვარიშზე არ მივიდა. ფოდენზე არაფერი უთქვამთ. ეტყობა ისიც არ იყო.