„ტოტენჰემმა“ და „ლივერპულმა“ ლონდონში ფრედ ითამაშეს — 2:2. მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსაჯ პოლ ტიერნის როგორც თამაშის დროს, ასევე მისი დამთავრების შემდეგ შეუტია. არბიტრმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მან ყვითელი ბარათი აჩვენა ჰარი კეინსაც, არადა ენდი რობერტსონთან უხეშობის ეპიზოდი შესაძლოა წითელს იმსახურებდა.

კლოპი იმანაც გააბრაზა, რომ ტიერნიმ დიოგო ჯოტას წაქცევისთვის „სფურზის“ კარში პენალტი არ დანიშნა. ის მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯთან მივიდა და უთხრა: „მე თქვენს გარდა სხვა მსაჯებთან პრობლემა არ მაქვს“.

ოდნავ მოგვიანებით გერმანელმა „სქაი სპორტს“ უამბო: „ვუყურე ჯოტას ეპიზოდს. მსაჯი იქ იყო, VAR-იც იქ იყო. რატომ არ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი?

ფრე მშვენიერი შედეგია. იმდენად გიჟები არ ვართ, რომ სტუმრად „ტოტენჰემთან“ ფრეს ვუკადრისობდეთ, მაგრამ ასეთი ეპიზოდები გადამწყვეტია. ვერ გამიგია, რას მერჩის პოლ ტიერნი.

თამაშის მსვლელობისას ოდნავ მეტად ემოციური ვიყავი, მაგრამ განა ეს აკრძალულია? ყვითელი ბარათი რატომ ამომიღო? ჯობდა მოედანზე მიეღო სწორი გადაწყვეტილებები.

საოცარია, ის საუკეთესო პოზიციიდან რატომ ვერ ხედავდა აშკარა მომენტებს? კარგი იქნება თუ ჰკითხავთ, ჩემთან რა პრობლემა აქვს“.

შემდეგ კლოპს კეინის უხეშობა შეახსენეს და ჰკითხეს, ეკუთვნოდა თუ არა მას გაძევება.

„კეინი აშკარად გაძევების ღირსი იყო. მოგვიანებით მსაჯმა რობერტსონი გაგვიგდო. ამ ეპიზოდში მართალი იყო, მაგრამ კინიც ხომ უეჭველად იმსახურებდა წითელ ბარათს.

ჩვენ სტადიონებზე VAR გვაქვს. რობოს ეპიზოდში ის მონიტორთან მივიდა და შეამოწმა. ძალიან კარგი, მაგრამ რატომ არ გააკეთა იგივე ჰარი კეინისა და დიოგო ჯოტას ეპიზოდებში?

მისტერ ტიერნიმ მითხრა, დიოგო განზრახ გაჩერდა, რადგან უნდოდა დაჯახებოდნენ და მე პენალტი დამენიშნაო. ამაზე გეტყვით, რომ როდესაც კარში დარტყმას აპირებ, პაუზა გჭირდება. ყველაფერს ერთად ხომ ვერ გააკეთებ“.

ანგარიში მე-13 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა და „ტოტენჰემმა“ ამას რამდენიმე საგოლე მომენტი მოაყოლა. სონმა ორი დიდებული შესაძლებლობა გაატანა ქარს.

35-ე წუთზე დიოგო ჟოტამ თავურით გაქვითა. 69-ზე ენდრიუ რობერტსონმა „ლივერპული“ გაიყვანა წინ, თუმცა 74-ზე სონმა გაქვითა.

18 თამაშიდან „ლივერპულს“ 41 ქულა აქვს და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით ჩამორჩება — მეორეზეა.

„ტოტენჰემს“ 15 შეხვედრიდან 26 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.