პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალის“ შემადგენლობაში შეიძლება შუა თებერვლამდე ვერ ითამაშოს. 31 წლის თავდამსხმელი ორი შეხვედრით მოკვეთილია გუნდიდან. მიზეზი: საფრანგეთში იყო დედასთან და ლონდონში დაბრუნება დაიგვიანა, რისთვისაც მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დასაჯა.
შესაბამისად, ობამეიანგს დღეს „ლიდსთან“ და „ბოქსინგ დეიზე“ „ნორვიჩთან“ მოედანზე ვერ ვიხილავთ.
ამის შემდეგ, თავდამსხმელი გაბონის ნაკრებში უნდა გამოცხადდეს — 6 იანვარს აფრიკის ერთა თასი იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გაბონი ტურნირზე წარმატებით იასპარეზებს, კაპიტანი „მეთოფეებს“ შეიძლება თვეზე მეტხანს ვეღარ დაუბრუნდეს და მხოლოდ 10 თებერვალს „ვულვერჰემპტონთან“ გავიდეს სათამაშოდ.
„სანი“ წერს, რომ ობამეიანგი მარტო ვარჯიშობს. გაბონელი ბაზაზე პარასკევს, გუნდის ვარჯიშამდე საათნახევრით ადრე მისულა.
პრეს-კონფერენციაზე არტეტამ არ განმარტა ზუსტად რით დასაჯა ფორვარდი, რომლის ხელფასიც კვირაში 250 000 გირვანქაა.
როგორც ირკვევა, ობამეიანგი წლეულს უკვე ორჯერ დაუსჯიათ „მეთოფეებს“. თებერვალში კი covid 19-ის რეგულაციები დაურღვევია, მარტში კი „არსენალის“ და „ტოტენჰემის“ თამაშის წინ გუნდს გვიან შეერთებია.
ამბობენ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი იანვარში შეიძლება „ბარსელონაში“ გადავიდეს — კატალონიელებს ვეტერანი სერხიო აგუეროს შემცვლელად ესახებათო.