No description available.18 დეკემბერს, 22 საათზე პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავილომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეხუთე მატჩს გამართავს.

დღესდღეობით სიტუაცია შემდეგია: პირველ ადგილზე რუსული „ენისეი-სტმ“ არის, რომელმაც 15 დეკემბერს თბილისის „ავჭალაზე“ „თელ-ავივ ჰითს“ დრამატულ ბრძოლაში 34:31 მოუგო და 16 ქულა დააგროვა, რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე ქართულმა გუნდმა 4 მატჩში დააგროვა. ებრაულმა ფრენჩაიზმა კი ბონუსი მიიღო და 14 ქულით ნახევარფინალის საგზურის მაძიებელთა შორის დარჩა. ამრიგად, ჩვენს გუნდს 2 მატჩი დარჩა სათამაშო, მის კონკურენტებს კი თითო.

ჰოდა, შაბათს ერთმანეთს ქართული და ებრაული ფრენჩაიზები დაუპირისპირდებიან. როგორც იქნა, სუპერთასმა ისრაელშიც შეაბიჯა – თელ-ავივის მეზობელ ქალაქ ფეთაჰ-თიკვაში „თელ-ავივ ჰითი“ ჯგუფურ ეტაპს „შავ ლომთან“ შეხვედრით დაასრულებს, მაშინ, როცა ქართველებს გაისად, სავარაუდოდ მარტში, სოჭში კიდევ მოუწევთ „ენისეისთან“ ურთიერთობის გარკვევა.

No description available.ლევან მაისაშვილმა ამჯერადაც დააპირა საუკეთესო შემადგენლობის დააყენება, მაგრამ გუნდში არაა სანდრო თოდუა, რომელმაც გასულ შაბათს, „ენისეისთან“ მოგებულ მატჩში ტრავმა ლელოს დადებისას მიიღო და შემდგომში გაირკვა, რომ მას კუნთი ჰქონია გაწყვეტილი. შემადგენლობის გამოცხადებისას კი მაისაშვილს უარის თქმა კაპიტანზეც მოუწია – მერაბ შარიქაძემ ერთი კვირის წინ მიღებული ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო. მის ადგილს სასტარტო შემადგენლობაში გურამ ქანდაურიშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მარქაფაში დებიუტანტი ოთარ ლაშხი მოხვდა. შარიქაძის ნაცვლად „შავ ლომს“ შალვა მამუკაშვილი უკაპიტნებს.

ამასობაში ტრავმა მოიშუშა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, რომელიც ფეთაჰ-თიკვას მატჩს სასტარტოში დაიწყებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „თელ-ავივ ჰითთან“ მატჩისთვის

1.ნიკა აბულაძე , 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლაშა ხმალაძე.

მარქაფა

16. გიორგი ხუროშვილი , 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილი ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. ლუკა მატკავა, 22. გურამ ქანდაურიშვილი, სანდრო სვანიძე.