ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაასრულა ყბადაღებული საუბარი ლეონიდ ტარანენკოს რეკორდზე, რომელიც ბელარუს სპორტსმენს 1988 წელს დაემყარებინა – 266 კილოგრამი. ამიერიდან, მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი 267 კილოგრამი გახლავთ, რომელიც ქართველმა გოლიათმა ტაშკენტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა.

საქმე ის არის, რომ წონების შეცვლის შემდეგ რამდენიმე რეკორდი საერთოდ გაუქმდა და ხელახალა ათვლა დაიწყო. ასე ჩაბარდა ისტორიას ტარანენკოს 266 კილოგრამიანი რეკორდი, თუმც დღემდე, როდესაცლაშას ფენომენალურ შედეგებზე საუბრობდნენ, ყოველთვის ტარანენკოს რეკორდს ახსენებდნენ. დღეიდან ასე აღარ იქნება…

ტარანენკოს რეკორდის გაუმჯობესებამდე კი ლაშამ ატაცშიც მისივე მსოფლიო რეკორდი მოხსნა – 225 კილო. ამას დამატებული აკვრაში 267 და საერთო ჯამში 492 კილოგრამი. ალბათ, ახლა ლაშას მიზანი ისღა იქნება, მოერევა თუ არა ნახევარ ტონას…

აბა, სხვა რა საზრუნავი დარჩა – მსოფლიო ჩემპიონატზე მეორეადგილოსანს 35 კილოგრამით რომ აჯობებ. მეორე-მესამე ადგილები სომხებს – ვარაზდატ ლალოიანსა და გორ მინასიანს დარჩათ.