პრემიერლიგის კლუბები აფრიკის ერთა თასს ბოიკოტს უმზადებენ. კონტინენტის ჩემპიონატი ჩაშლის პირას არის.

არადა, შეჯიბრების დაწყებას აღარაფერი აკლია: ის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. მასპინძელი ქვეყანაა კამერუნი.

მთავარი პრობლემა Covid 19-ია. მისი ახალი ვარიანტი, სახელად ომიკრონი ისეთი ტემპით ვრცელდება, რომ შეიძლება ორგანიზატორებს ტურნირი მესამედ(!) გადაადებინოს. ევროპული კლუბების ასოციაციამ ფიფასა და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში წერილი აფრინა, სადაც თავიანთი ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. იყო გაფრთხილებაც: თუ ჩვენს პირობებს არ დააკმაყოფილებთ, შეიძლება ჩვენი აფრიკელი მოთამაშეები ტურნირზე არც კი გამოვუშვათო.

წერილში ლაპარაკია სამ ფუნდამენტურ საკითხზე. პირველი და ყველაფერზე მთავარი ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვაა. მეორე გახლავთ კლუბების წამყვანი მოთამაშეების გარეშე მთელი თვით დატოვება. მესამე კი არის ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელების საკლუბო ცხოვრებაში დროული ჩართვა.

ევროპული კლუბები ამ სამი პრინციპის დაცვის მყარ გარანტიას ითხოვენ.

რასაკვირველია, კლუბების ნაწილი აფრიკის თასზე თავიანთ მოთამაშეებს გაუშვებს, მაგრამ ინგლისსა და საფრანგეთში კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ფეხბურთელების აფრიკელთათვის სასურველი 27 დეკემბრისთვის გათავისუფლება პრობლემური იქნება.

პრობლემაა სამედიცინო პროტოკოლთან დაკავშირებითაც. დიდმა ბრიტანეთმა ბოლოხანს წითელი სიიდან აფრიკის 11 ქვეყანა ამოიღო, მაგრამ ამ სიაში არ არის კამერუნი. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ფეხბურთელები აფრიკის თასიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდებიან, პირდაპირ საქმეში ვერ ჩართვებიან — ჯერ თვითიზოლაცია მოუწევთ.

აფრიკის ფეხბურთის ასოციაცია ჯერჯერობით მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ შეჯიბრების გრაფიკს ვერანაირი კოვიდი ვერ შეაცვლევინებს.

სტატისტიკის თანახმად, მარტო ინგლისის პრემიერლიგაში 40 აფრიკელი ფეხბურთელი თამაშობს და თუ მათ კლუბები არ გაუშვებენ, აფრიკის თასს ხარისხი ძალიან დააკლდება.

შეჯიბრების სხვა კონტინენტზე ჩატარებაც გამოირიცხა.

აფრიკის თასი თავიდან 2020 წელს დაიგეგმა, შემდეგ ის 2021 წლის იანვრისთვის გადადეს ახლა კი მორიგი ერთწლიანი გადადების საფრთხის წინაშე დგას.