უეინ რუნიმ, რომლის ვინაობასაც მკითხველისთვის შეხსენება არ სჭირდება, თავისი 150 000 გირვანქიანი „ლენდ როვერით“ საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მისვლა მოინდომა, მანქანა უადგილო ადგილას გააჩერა და… რომ დაბრუნდა, ავტომობილი მოხატული დახვდა.

მავანმა არ დაიზარა და ჭუჭყიან ავტომობილზე ფიგურებისა და ასოების გამოსახვის ხერხით მკაფიოდ გამოხატა, რასაც ფიქრობდა თავხედურად გაჩერებული „ოვერფინჩ დეფენდერის“ პატრონზე.

არადა, მანჩესტერის ცენტრში, სწორედ იმ ადგილას, სადაც 36 წლის რუნიმ ავტომობილი დატოვა, ეკიდა ნიშანი — მანქანები ქუჩაში არ დააყენოთ, პარკინგზე შედითო.

რატომ არ შეიძლებოდა მანქანის ქუჩაში დაყენება?

იმიტომ, რომ საშობაო ბაზრობა ახლოვდება და იქ ჯიხურებს დგამენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ რუნის მანქანის სხვაგან გადაყვანა სთხოვეს, მან კი ყურიც არ შეიბერტყა, ორ მეგობართან ერთად სადღაც დასალევად შევიდა და სანამ მუცელი არ ამოიყორა, მანამდე არ დაბრუნდა.

თან, ეს ყველაფერი თურმე მისი სახლიდან სულ რაღაც 100 მეტრში ხდებოდა.

ამბობენ, რომ ეს იყო ფულით და პოპულარობით გათავხედებული ადამიანის საქციელი.