„იუვენტუსი“ ძალასა და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. „ბებერი ქალბატონი“ ყოველი ტურის შემდეგ შორდება სერია A-ს მწვერვალს. გაჩნდა საშიშროება, რომ იტალიის ყველაზე საყვარელი და საძულველი კლუბი გაისად შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც კი დარჩეს.

შაბათს, „იუვემ“ მე-16 ადგილზე მყოფ „ვენეციასთან“ 1:1 ითამაშა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლი“ მეოთხე ადგილზეა.

გულშემატკივრებს განსაკუთრებით არ მოსწონთ ის, თუ როგორ თამაშობს მათი საყვარელი გუნდი სუსტ მეტოქეებთან. მან დაკარგა ქულები „ვერონასთან“, „სასუოლოსთან“, „ტორინოსთან“… ასეთი შედეგების შემყურე ალეგრის, თავის უსახურ ვარსკვლავებთან ბევრი კითხვა გაუჩნდა.

ერთი სიტყვით, „იუვეს“ აღარაფერი აქვს საერთო იმ გუნდთან, რომელიც 2010-იან წლებში ზედიზედ ცხრაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ის უკბილოდ უტევს, ბევრმა სახელოვანმა ფეხბურთელმა თამაშს უკლო, ზოგი კი სულაც ინდიფერენტული გახდა.

ბოლოხანს, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა თავიანთ ინსტაგრამზე ისეთი ფოტოები დადეს, რომ ფანებს გუნება წაუხდათ. მოედანზე საქმე საშინლად მიდის, ისინი კი ხარობენ და ნებივრობენ.

ადრე „იუვენტუსისთვის“ ფრე წაგების ტოლფასი იყო, ახლა ლამისაა სასიხარულო გახდეს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წარუმატებლობას ალეგრის არავინ აბრალებს. არადა, ჩვეულებრივ, კლუბებში ასე ხდება ხოლმე.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, ალეგრიმ ფსიქოლოგების მიწვევა გადაწყვიტა.

„იუვენტუსის“ პრობლემები გარკვეულწილად ბოლო წლების არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალიცაა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ალვარო მორატამ, დეიან კულუშევსკიმ და მოის კინმა გამოიწვიეს. კინი მძლავრია, მაგრამ სათამაშო ცბიერება აკლია, მორატა საერთოდ მატარებელს ჩამორჩენილ კაცს ჰგავს, კულუშევსკიზე კი წერენ, ფეხბურთელზე მეტად მოციგურავეს შთაბეჭდილებას ტოვებსო.

არადა, „იუვეში“ გატარებული პირველი პერიოდი მორატასთვის ძალიან წარმატებული იყო… ახლა კი, ზაფხულში, ალბათ გაყიდიან.

კულუშევსკი შეიძლება იანვარშივე მოიშორონ თავიდან. ამბობენ, „იუვე“ „ფიორენტინას“ დაელაპარაკება, იქნებ შვედი დუშან ვლაჰოვიჩში გაუცვალოსო.

ვესტონ მაკკინი და მანუელ ლოკატელი მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით დაბალხელფასიანები ანუ ნაკლებად ვარსკვლავები არიან, ალეგრის სჭრიდება. მათ გაამართლეს.

ყურადღების ცენტრში მოექცა ალექს სანდრო. შაბათს მან ლუკა პელეგრინი ცოტა ხნით შეცვალა და… საშინელება იყო. იმ 15 წუთში, რაც მოედანზე დაჰყო, ბრაზილიელს სწორად არაფერი გაუკეთებია. ბოლო თვეებში მისი კლასის დაცემა თვალშისაცემია. პორტუგალიაში სანდროს მგელს უწოდებდნენ, იტალიაში კი მგლის მუხლი დაკარგა.

ერთი სიტყვით, „იუვენტუსი“ სანდროს გაყიდვას შეეცდება, მაგრამ არის ერთი პრობლემა — მყიდველი არ ჩანს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც „იუვეში“ ყველას იმედი გაუცრუა, „პარი სენ ჟერმენიდან“ გადასული ადრიენ რაბიოა. ის „ბებერი ქალბატონის“ ნახევარდაცვას საერთოდ არ ეტყობა, არადა წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს.

დღეს, როდესაც „იუვენტუსმა“ ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრა ჩაატარა, სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ტურინელებს სეზონი ასე საშინლად 12 წელიწადია არ დაუწყიათ. ასეთი ცუდი გუნდი არც ჩირო ფერარას ჰყავდა (2009-10) და არც ლუიჯი დელ ნერის (2010-11). სერია A-ს 17 ტურის შემდეგ ანდრეა პირლოსეულ „ბებერ ქალბატონს“ 8 ქულით მეტი ჰქონდა. მაურიციო სარის „იუვე“ 14 ქულით წინ იყო.

მეორე მხრივ, სარის და პირლოს გუნდში კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდათ…

„ბებერ ქალბატოს“ შემდეგი თამაში კვირას, 18 დეკემბერს, ბოლონიაში ელის.