„რეალის“ ლეგენდამ, ყოფილმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა შეიძლება მადრიდელი თაყვანისმცემლები გაანაწყენოს. „პარი სენ ჟერმენი“ ის კლუბია, რომელიც მენდო და მის გამო ნებისმიერ მეტოქესთან სიკვდილამდე ვიბრძოლებო, თქვა ვეტერანმა მას მერე, რაც უეფას არეულ-დარეულმა და ერთ დღეში ორჯერ ჩატარებულმა კენჭისყრამ პარიზელებს მაინცდამაინც „რეალი“ შეახვედრა. არადა, წილისყრის პირველი, გაუქმებული შედეგების მიხედვით პსჟ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შებრძოლებოდა — მსოფლიო მას მედიაში დაიწერა კიდეც მყვირალა სათაურები, მესისა და რონალდუს მორიგ დაპირისპირებას ვიხილავთო.
მესისა და რონალდუს დაპირისპირება ჩაიშალა. ბედის ირონიით, ახლა მესის და რამოსს „რეალთან“ მოუწევთ დაპირისპირება.
რამოსი, რომელმაც „ლოს ბლანკოსში“ 16 სეზონი გაატარა, „სანტიაგო ბერნაბეუდან“ ზაფხულში წავიდა. მხარეები მთლად წყენის გარეშეც არ დაშორებიან ერთმანეთს. კლუბი ვეტერანს კონტრაქტის ერთწლიან გახანგრძლივებას სთავაზობდა, მან კი ერთი წელი იუარა და „პარკ დე პრენსზე“ ამჯობინა გადაბარგება.
ახალ კლუბში რამოსმა ფეხი ჯერჯერობით ვერ მოიკიდა. ამაში მას ტრავმამ შეუშალა ხელი. ახლა, ესპანელი თითქოსდა გამოჯანმრთელდა და მაურისიო პოჩეტინოს ძირითად შემადგენლობაში აპირებს დამკვიდრებას.
„რთული თვეები მქონდა, — თქვა მან, — მადრიდში გატარებული ბევრი წლის შემდეგ პარიზში გადავბარგდი და ახალ გარემოს უნდა შევგუებოდი. ტრავმის გამო თამაშები გამიცდა. საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი და თანდათანობით გუნდის დინამიკას ფეხს ვუწყობ.
რაც შეეხება კენჭისყრას… ბედი ჭირვეული რამ არის. რასაკვირველია, მერჩივნა სხვა მეტოქე გვყოლოდა. ყველამ იცის, როგორ მიყვარს მადრიდის „რეალი“, მაგრამ ახლა „პარი სენ ჟერმენისთვის“ უნდა ვიბრძოლო. ყველა ღონეს ვიხმარ, მწყობრში რომ ჩავდგე და თამაშის დღეს მოედანზე ვიყო.
„პარი სენ ჟერმენი“ ის გუნდია, რომელიც მენდო და მისთვის სიკვდილამდე ვიბრძოლებ“.
გუნდების პირველი შეხვედრა 15 ან 16 თებერვალს პარიზში გაიმართება, საპასსუხო კი 22 ან 23 თებერვალს მადრიდში.





