დიდი გაუგებრობა მოხდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილიყრისას. ვინაიდან, დებულებით ერთი ჯგუფის გუნდები ფლეი ოფში ერთამანეთს აღარ უნდა შეხვდნენ, ხოლო დღევანდელი წილისყრისას შესაძლო იყო „ვილიარეალი“ „მანჩესტერს“ გადაყროდა, მით უმეტეს ინგლისური გუნდი „ატლეტიკოსაც“ ერიდებოდა, უეფამ თავდაპირველი წილისყრის შედეგები გააბათილა და ახალი მოაწყო… მოაწყო და გაცილებით მძლავრი წყვილებიც მიიღო.

რონალდუ vs მესის ნაცვლად ახლა პარიზ-მადრიდულ წყვილს ვიხილავთ. პსჟ-ს უმაგრეს ფორმაში მყოფი „რეალი“ შეხვდება. არ გაუმართლა არც „ზალცბურგს“, ავსტრიელები „ბაიერნზე“ გავიდნენ. არ გაუმართლა არც „ინტერსა“ და „ლივერპულს“, ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. სამაგიეროდ, გაუმართლა „ბენფიკას“, რომელსაც „რეალი“ აცდა და „აიაქსი“ ერგო. საინტერესოა, რომ იგივე დარჩა „ჩელსი“ – „ლილის“ წყვილი.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

პსჟ – „რეალი“, „ზალცბურგი“ – „ბაიერნი“, „სპორტინგი“ – „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“ – „აიაქსი“, „ჩელსი“ – „ლილი“, „ატლეტიკო“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვილიარეალი“ – იუვენტუსი“, „ინტერი“ – „ლივერპული“.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 15-16 და 22-23 თებერვალს გაიმართება. საპასუხოები 8-9 და 15-16 მარტს.