ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 39 წელი გავიდა. გთავაზობთ ნაწყვეტს სლავა გასპაროვის წერილიდან, რომელიც 2021 წლის 13 მაისის გაზეთ „სარბიელში“ გამოქვეყნდა.  წერილს სრულად sarbieli.com-ზე 14 დეკემბრის საღამოდან იხილავთ…

See the source imageვიტალი დარასელიას რიცხვი „13“ უყვარდა – ჩემთვის ბედნიერება მოაქვსო. 13 მაისი ხომ ცალკე თემაა და ყველა ნაკრებში – ახალგაზრდულ თუ ეროვნულში ცდილობდა, 13-ნომრიანი მაისურა დაესაკუთრებინა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზეც, ესპანეთშიც სწორედ ამ ნომრით ითამაშა.

მაგრამ იმავე წლის 13 დეკემბერს ვიტალი დაიკარგა…

ჩემს სკოლაში ყველამ იცოდა, რომ დარასელიების მეზობლად ვცხოვრობ და დილით ლამის მთელი სკოლა გარეთ მელოდებოდა ხოლმე. „ხომ არ გამოჩენილა? რამე ახალი ხომ არაა?“ – დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვებით მხვდებოდნენ. რა უნდა მეთქვა? მე კი არა, ქვეყანამ არაფერი იცოდა. საკმაო ხანი იყო გასული, მაგრამ ვიტალი არ ჩანდა. ერთ დღესაც, სკოლაში წასვლამდე აივნიდან დარასელიების სადარბაზოსკენ გადავიხედე და ჰოი, საოცრებავ! დავინახე წითელი „06“, ზუსტად ისეთი, როგორიც მას ჰყავდა, თან ამ მანქანიდან თავად გადმოვიდა თავისი ყავისფერი „დუბლიონკით“. აღარც დავაკვირდი, სკოლაში თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და ყველას სასიხარულო ამბავი მოვახსენე. შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ სკოლიდან მობრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ უნებლიე ტყუილი გამომივიდა: ის „06“ დავით მუჯირისა იყო, მანქანიდანაც ისეთივე „დუბლიონკით“ სწორედ ის გადმოვიდა და მე სასურველი რეალურად აღვიქვი. იქვე საშა ჩივაძის ცისფერი „07“ იდგა, ოდნავ მოშორებით – ყიფიანის „24“, ხოლო თავად დათო დარასელიების სადარბაზოსთან სკამზე იჯდა და ტიროდა…

ყველაფერს მივხვდი. 13 დეკემბრიდან 13 დღე იყო გასული…