გასაკვირია, რომ მოვლენებით ესოდენ აღსავსე, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონის ბედი ერთ დღეს გადაწყდა. უფრო ზუსტად – ორსაათიან რბოლაში მოსაღამოებულ აბუ დაბიში.

მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი ფინალურ ეტაპზე თანაბარი ქულებით გავიდნენ – 369,5-369,5. მანამდე ბრიტანელმა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და ჰოლანდიელს 19 ქულა ამოუქაჩა.

საოცარი სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა. ტიტულის ორმა პრეტენდენტმა რბოლა წინა რიგიდან დაიწყო. სტარტზე ჰამილტონმა ფერსტაპენს გადაუსწრო და რბოლას სათავეში ჩაუდგა.

No description available.მეშვიდე მოსახვევში მაქსმა ლუისს შეუტია და ტრასიდან გამოაგდო, მაგრამ ჰამილტონმა უსაფრთხოების ზონა გადაჭრა და ლიდერად დარჩა. სტიუარდებმა ეს ინციდენტი არც განიხილეს.

ჰამილტონი თანდათან შორდებოდა ფერსტაპენს – მეექვსე წრეზე ინტერვალი ორ წამამდე გაიზარდა, მე-15 წრეზე – 5 წამამდე და სხვაობის ზრდა არც ამის შემდეგ შეჩერდა.

ასე გაგრძელდა სულ ბოლო წრემდე – ჰამილტონი ლიდერობდა, ფერსტაპენი მას კვალში ედგა. ბოლო წრეზე კი გამოცხადდა რესტარტი. მთელი სეზონის ბედი, აი, ამ ერთ წრეზე წყდებოდა.

რესტარტზე ფერსტაპენმა ჰამილტონს გაუსწრო, ლუისმა რამდენჯერმე სცადა კონტრშეტევა, მაგრამ მაქსმა რბოლა და სეზონი მაინც მოიგო.

ამრიგად, მაქს ფერსტაპენმა მოიგო აბუ დაბის გრან-პრი, რომელიც მისთვის სეზონში მეათე და კარიერაში მე-20 იყო. ამ ყველაფერმა კი მას კარიერაში პირველი ტიტული მოუტანა.

ლუის ჰამილტონმა ბოლომდე იბრძოლა, მთელი დისტანცია ლიდერად გაიარა, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, მისმა საჯინიბომ იყოჩაღა – „მერსედესმა“ „კონსტრუქტორთა თასი“ მოიგო.

პირად ჩათვლაში პოდიუმი ესპანელმა კარლოს საინსმა შეავსო. ასე დრამატულად გასრულდა ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი და იმედია, გაისად პანდემია მის გრაფიკში წლევანდელივით უხეშად ვეღარ ჩაერევა.