რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად რალფ რანგნიკი მივიდა, გუნდმა ორიდან ორი მოიგო. „ნორვიჩთან“, მანკუნიანელებს სამი ქულა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულმა პენალტმა მოუტანა. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც გერმანელ სპეციალისტს და „იუნაიტედის“ ქომაგებს სურთ.
აქვე უნდა ითქვას, რომ მანჩესტერელთა გუნდი მეკარე დავიდ დე ხეამ იხსნა. მან სულ მცირე ორი დარტყმა ბრწყინვალედ აიღო.
დასკვნა კი ასეთია: რანგნიკს გუნდის დასაყენებლად დრო დასჭირდება.
„იუნაიტედმა“ იმავე შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც პრემიერლიგის ბოლო ორ შეხვედრაში, თუმცა წინა პერიოდს მარტო ეს არ მოგვაგონებდა. კვლავ უკბილო იყო პასები, შეტევები უსახური, მოქმედებები შეუთანხმებელი. მოკლედ, ყველაფერი ისევე იყო არეული, როგორც ოლე გუნარ სულშერის ბოლო პერიოდში.
არც რონალდუ დაფრინავდა. მასთან ვერც ბურთი მიდიოდა ხეირიანად, ვერც თანაგუნდელების ჩანაფიქრებით ხეირობდა და არც ის ჩანაფიქრები ღირდა რამედ. ერთგან, ინგლისურ პრესაში ეწერა, პორტუგალიელმა რამდენჯერმე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს თამაში სულ არ აინტერესებდაო.
მაგრამ, აინტერესებდა რონალდუს თამაში თუ არა, ისევე როგორც სულშერის აგონიის პერიოდში, გამარჯვება მანჩესტერელებს ამჯერადაც მან მოუტანა და ასეთი კაცის კრიტიკა რამდენად სწორი საქციელია, კიდევ საკითხავია.
წინ რონალდუ, უკან დე ხეა… სხვა მხრივ კი „ნორვიჩი“ უფრო მძლავრი, სწრაფი, ღონიერი და გამარჯვებას მოწყურებული გუნდი ჩანდა. ის „იუნაიტედს“ შიშით არ ეთამაშებოდა. დინ სმიტის გუნდი აშკარად არ გრძნობდა თავს აუტსაიდერად.





