„ბარსელონას“ საყმაწვილო აკადემიის, ლეგენდარული „ლა მასიას“ ყოფილ თავკაცს ალბერტ ბენაიჟესს პედოფილიასა და მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. აქვე უნდა დავძინოთ, რომ საქმე ეხება 1980-იან წლებს და 90-იანების დასაწყისს, როდესაც ბენაიჟესი ბავშვებს ქალაქის უბან ლეს კორტსში წვრთნიდა, რის შემდეგაც, 1992 წელს ის „ლა მასიაში“ გადავიდა. აქ მან 2011 წლამდე დაჰყო, მაგრამ ამ პერიოდზე საეჭვო ჯერჯერობით არაფერი ისმის.
სკანდალური ინფორმაცია კატალონიურმა გაზეთმა „არამ“ გაასაჯაროვა. გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც დღეს უკვე 71 წლის ბერიკაცის ერთ-ერთმა ყოფილმა მოსწავლემ პოლიციაში ოფიციალურად იჩივლა. „არა“ წერს, რომ ერთ საჩივარს უეჭველად მოჰყვება სხვებიც.
ბენაიჟესს ბრალად სდებენ, რომ ბავშვების წინაშე შიშვლდებოდა, ეხებოდა მათ, აიძულებდა კლასელების წინაშე თავადაც გაშიშვლებულიყვნენ და პორნოგრაფიულ ვიდეოებს აყურებინებდა.
ალბერტ ბენაიჟესმა „არას“ უთხრა: „ვნება არავისთვის მიმიყენებია და თუ რამ ჩავიდინე, ეს განზრახვის გარეშე მოხდა. ჩემი სინდისი სუფთაა. პედოფილობას უარვყოფ“.
საქმეში კატალონიის განათლების მინისტრი ჟოზეპ გონსალეს კამბრაიც ჩაერია. მან თქვა, რომ მომხდარს მისი სამინისტროს წარმომადგენლებიც გამოიძიებენ.
ბენაიჟესი „ბარსელონადან“ 2011 წელს წავიდა, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მექსიკასა და იაპონიაში მუშაობდა, ხოლო წლეულს, როდესაც „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები ჟოან ლაპორტამ მოიგო, ის კლუბში დაბრუნდა.
„ბარსას“ ახალმა მწვრთნელმა ჩავიმ ბრალდებებთან დაკავშირებით გაოცება გამოთქვა.
იმ წლებში, როდესაც ალბერტ ბენაიჟესი „ლა მასიას“ ხელმძღვანელობდა, აკადემიაში აღიზარდნენ ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და სხვა დიდი ვარსკვლავები.