„მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის მცველი, შვედეთის ნაკრების კაპიტანი ვიქტორ ლინდელოფი „ნორვიჩთან“ პრემიერლიგის გუშინდელი შეხვედრის (1:0) მეორე ტაიმში მოედნიდან გაიყვანეს. მიზეზი: დისკომფორტი მკერდის არეში.

კერძოდ, დისკომფორტი შედგებოდა ტკივილისა და პულსაციის გახშირებისგან, რასაც წინ მსუბუქი ფიზიკური ორთაბრძოლა უძღოდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ლინდელოფი ერიკ ბეილით შეცვალა. მეკარე დავიდ დე ხეამ კი თქვა, რომ თანაგუნდელის ამბავმა ევროპის ჩემპიონატზე დანიელი კრისტიან ერიკსენის შემთხვევა გაახსენდა.

რანგნიკი: „ვიქტორს სუნთქვის პრობლემა ჰქონდა. გულისცემამ ნორმას გადააჭარბა. თავად ცოტა შოკირებული იყო.

მას არ ახსოვს როგორ დაეწყო ეს შეგრძნებები, მაგრამ ცუდად გახდომას წინ მეტოქესთან მცირე შეჯახება უძღოდა. ამწუთას ყველაფერი ნორმაშია, დანარჩენს კი ხვალ ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ ლინდელოფი სამშაბათს „ბრენტფორდთან“ სათამაშოდ მზად იქნება“.

ისევ დე ხეა: „ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგ ფეხბურთელს სუნთქვის პრობლემები გაუჩნდა. ვნახეთ რა შეემთხვათ ერიკსენს და სერხიო აგუეროს. ძნელია, როდესაც კოლეგებს ასეთ დღეში ხედავ. როგორც კი ლინდელოფს მკერდის არეში დისკომფორტი შევამჩნიე, თამაშმა მყისვე აზრი დაკარგა. ასეთ დროს მთავარია ადამიანი გახდეს კარგად“.