შავ-თეთრი ფანები ვალენსიას ქუჩებში გამოვიდნენ. მათი ლოზუნგი იყო: დავიცვათ „ვალენსიას“ (კლუბის) ღირსება! მათი მოთხოვნაა კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა „მესტალია“ დატოვოს.
დემონსტრაციის ორგანიზატორები იყვნენ გაერთიანებები: LibertadVCF , Viachers, ‘ Spirit of 86 ‘, Últimes Vesprades a Mestalla, ItMuchBeLove, Ciberche, ValenciaSud, Agrupació de Penyes და De Torino a Mestalla. ქალაქის პოლიციის განცხადებით, აქციაში მონაწილეობა 15 ათასმა ადამიანმა მიიღო.
ვინაიდან მშრალ ინფორმაციას ავტორის აზრი არ უხდება, თავს არ მოგახვევთ ჩვენს შეხედულებას, თუ რა ბედნიერი ხალხია ესპანელები, რომელთაც თავიანთი კლუბების ბედი ასე აწუხებთ და არც მიტინგები მოჰყირჭებიათ. უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ვალენსიელი ფანები პასედო დე ლა ალამედაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „მესტალიასკენ“ გაემართნენ.
აქციის მონაწილეებს ვეტერანი მეკარე სანტიაგო კანისარესიც შეუერთდა.
„ვფიქრობ, დღევანდელი დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ „ვალენსიას“ ფანები გაერთიანდნენ. ძნელი იყო სიმართლის დანახვა, მაგრამ ის თვალწინაა. ფანები გაიზარდნენ. აქამდე ითხოვდნენ, რომ პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა და ბანკებმა ხალხის სურვილები გაიზიარონ. ახლა, პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა და ბანკებმა თვალი გაახილეს.
ჩვენთან ვალენსიაში სურათი იცვლება. სიტუაციის გამოსწორება სწორედ პოლიტიკურ ინსტიტუტებს და ბანკებს შეუძლიათ. ჩვენ თუ დავიწყებთ ლოდინს, როდის გააკეთებს პიტერ ლიმი რამეს, წავაგებთ. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. დროა კლუბს პროფესიული მენეჯერები დავუქირავოთ“ — თქვა კანისარესმა.