No description available.„ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის დრო დადგა, მაგრამ ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მეექვსე ტურში თავის მხოლოდ მეოთხე მატჩს ატარებს. თუმცა, ქართველი მორაგბეების შაბათის მეტოქე კრასნოიარსკის „ენისეი“ ზუსტად იგივე მდგომარეობაშია – მასაც ორი მატჩი აქვს გადადებული და თბილისში მხოლოდ მეოთხე თამაშს ჩაატარებს.

ამავდროულად, საქართველო უკვე მერამდენედ მოევლინა ევროპულ რაგბს ზამთრის ერთგვარ თავშესაფრად – თუკი ადრე „ენისეის“ და „კრასნი იარს“ ჩელენჯ კაპის მატჩების გასამართად თბილისი და რუსთავი არაერთხელ აურჩევიათ, ამჯერად ჩვენი ქვეყანა მშველელად ისრაელის „თელ-ავივ ჰითს“ ევლინება.

ებრაული ფრენჩაიზი 10 დეკემბერს რუსთავში „ლოკომოტივ-პენზას“ მასპინძლობს, რომელიც ტურნირში თავის დასკვნით მატჩს ატარებს, 15-ში კი, უკვე თბილისის „ავჭალაზე“ თელავიველები რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ მიიღებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ „ჰითმა“ „შავ ლომს“ 18-ში ან 19-ში უნდა უმასპინძლოს და თითქოს არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს თამაში აღთქმულ მიწაზე გაიმართოს, თუ ისრაელის მთავრობა იქამდე შეზღუდვებს შეარბილებს.

მაგრამ თუ არა, „თელ-ავივ ჰითს“ მეორედაც თბილისში ვეთამაშებით, ოღონდ იმ დათქმით, რომ მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება,  გულშემატკივრის დასწრების გარეშე, რათა ქართველებს მშობლიურ ქომაგის უპირატესობა არ მიეცეთ და მეტოქეები თანაბარ პირობებში ჩადგნენ.

No description available.თუმცა, იქამდე „შავ ლომს“ „ენისეისთან“ ჯახი ელის. ეს იქნება ახალშექმნილი ქართული გუნდის მთავარი გამოცდა მისი არსებობის ისტორიაში – ეს რუსული კლუბი მძლავრი სპონსორების მხარდაჭერით სარგებლობს და მისი ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირის ჯამურ ბიუჯეტს ჯერაც აღემატება მის ღირსებას არაერთი ძლიერი უცხოელი იცავს, მათ შორისაა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი გარემარბი დავით მესხიც. გუნდის უცვლელი მწვრთნელიც საკმაოდ ავტორიტეტულია – ალექსანდრ პერვუხინი „ენისეის“ წარმატებების მთავარი არქიტექტორია.

„შავ ლომს“ კი, გასულ შაბათს „ლოკომოტივ-პენზასთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ ტრავმამოშუშებული და დასვენებული ლიდერები უბრუნდებიან. პირველ რიგში ეს ეხება კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელმაც მტკივანი თითი მოირჩინა, თან დამატებით ერთკვირიანი დასვენებაც არასდროსაა ზედმეტი. ძალების აღსადგენად ამ დროს უთუოდ გამოიყენებდა გუნდის მთავარი კვაჭი შალვა მამუკაშვილიც, ვისაც ამ ბოლო დროს უამრავი თამაშის გადაბმულად ჩატარებამ მოუწია.

მოკლედ, გუნდი საუკეთესო შემადგენლობასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული, დანარჩენს კი მწვრთნელის ჩანაფიქრის სისწორესა და მოთამაშეების მიერ დაგეგმილის ზუსტად განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული.

No description available.თამაშს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს – მისი გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს ალბათ ვეღარ დაკარგავს.

თამაში 11 დეკემბერს „ავჭალაზე“ 17 საათზე დაიწყება.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „ენისეისთან“ მატჩში

1.ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლაშა ხმალაძე.

მარქაფა

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. გურამ ქანდაურაშვილი, 23 მირიან მოდებაძე.