აცრემლებულმა ლუის სუარესმა მოედანი მე-13 წუთზე დატოვა. ეს მოხდა „ესტადიო დრაგაოზე“, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „პორტუსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ გადამწყვეტ შეხვედრაში. „ატლეტიკომ“ მოიგო 3:1.

სუარესის მოედნიდან გასვლის მიზეზი ტრავმა გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო და ურუგვაელს იმდენად უნდოდა მასში მონაწილეობა, რომ ცრემლი ვერ შეიკავა, მაგრამ მოედანზე მისი გუნდის სასიკეთო ამბები დატრიალდა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელიც ორივე გუნდს აუცილებლად უნდა მოეგო. B ჯგუფიდან ფლეი-ოფში გასვლა სხვაგვარად გამორიცხული იყო. პლუს, „მატრასის მკერავებისთვის“ თავიანთი მოგება საკმარისი არ გახლდათ — „ლივერპულს“ უნდა ეთამაშა „მილანთან“ ისე, როგორც მადრიდელებს აწყობდათ.

„ლივერპულმა“ აქაოდა პირველი ადგილი გარანტირებული მაქვსო, ბრძოლას თავი არ აარიდა და „სან სიროზე“ ვაჟკაცურად 2:1 მოიგო. პორტუში კი სუარესის ტრავმა სულაც არ გახლდათ ავზნიანი შეხვედრის ერთადერთი დრამა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოვიდა, მეორე კი ჩხუბიანი და გოლიანი. ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა 10 წუთში სამი ფეხბურთელი გააგდო მოედნიდან.

პირველი მადრიდელი იანიკ კარასკო „გაწითლდა“. მიზეზი: ბელგიელმა ოტავიოზე ხელი აწია. სამ წუთში კარასკოს მასპინძელთა ბრაზილიელი მცველი ვენდელი მიჰყვა და იქვე „პორტუ“ მოედანზე ცხრა კაცით დარჩა — სათადარიგო მეკარემ, არგენტინელმა აგუსტინ მარჩესინმა ვენდელის გაძევება მეტისმეტად ცხარედ გააპროტესტა.

სულ ბოლო წუთებში კი მაყურებელმა სამი გოლი იხილა. მანამდე ანტუან გრიზმანის გოლით ანგარიში 1:0 იყო „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ. 90-ე წუთზე არგენტინელმა ანხელ კორეამ მასპინძლებს მეორე გაუტანა, 90+2 წუთზე მისმა თანამემამულემ მესამე შეაგდო. 90+6 წუთზე კი მსაჯმა პორტუს პენალტით სცა პატივი და სერჟიო ოლივეირამ ქომაგებს ცოტათი გული მოფხანა.