პრემიერლიგა ლოქდაუნის საშიშროების წინაშეა. საშობაოდ სტადიონებზე შეიძლება ხალხი აღარ შეუშვან. მიზეზი: ინგლისს covid 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უტევს.

პირველი, რაც ინგლისური ფეხბურთის შეფებს თავში აზრად მოუვიდათ, კოვიდ-პასპორტების ამოქმედება და სტადიონებზე მხოლოდ აცრილი ფანების შეშვება იყო, მაგრამ გაირკვა, რომ ამ გეგმამ შეიძლება ვერ იმუშაოს. ახლა ამბობენ,  ახალი ლოქდაუნი დაგვჭირდებაო და დიდძალი შემოსავლის დაკარგვისთვის ემზადებიან.

პანიკა „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ დათესა, რომელსაც პირველი გუნდის შვიდი ფეხბურთელი დაუავადდა. კორონა შეეყარა ანტონიო კონტეს ორ ასისტენტსაც.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ „სფურზი“ ხვალ კონფერენციის ლიგაზე „რენს“ უმასპინძლებს, მაგრამ ჩრდილოეთ ლონდონელები აპირებენ პრემიერლიგას სთხოვონ და კვირას „ბრაიტონთან“ შეხვედრა გადაატანინონ. სავარაუდოდ, იგივე ბედი ეწევა იქითა ხუთშაბათის მატჩს „ლესტერთან“.

უეფას წესებით, ევროთასის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუკი გუნდს 13 ჯანმრთელ ფეხბურთელზე ნაკლები დარჩება ან მეკარე არ ეყოლება.

პრემიერლიგის წესი სხვანაირია: თუ გუნდს თოთხმეტზე მეტი მოთამაშე ჰყავს, თამაში უნდა ჩატარდეს, თუმცა კორონა საგანგებო შემთხვევაა და ინგლისში ყოველ შემთხვევას ცალკე განიხილავენ. ასე მაგალითად, პრემიერლიგის კომისია აკვირდება ამა თუ იმ კლუბში ხომ არ დაავადდა ერთდროულად ერთი და იმავე ამპლუის რამდენიმე ფეხბურთელი.

ცნობილი გახდა, რომ covid 19 დაემართათ „ჩელსის“ მატეო კოვაჩიჩს და „ბრენტფორდის“ აივან ტონის.