„ევერტონის“ ფანებმა დათქმული ვერ შეასრულეს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, „არსენალთან“ შეხვედრის 27-ე წუთზე პროტესტის ნიშნად ტრიბუნები დაეტოვებინათ, მაგრამ ეს მხოლოდ გულშემატკივართა ნაწილმა შეძლო. დანარჩენები სტადიონზე დარჩნენ და „ევერტონ“, „ევერტონს“ გაიძახოდნენ.
27-ე წუთი რატომ? იმიტომ, რომ ქალაქ ლივერპულის ამ გუნდს 27 წელია ჯილდო არ მოუგია.
„ირისები“ მიმდინარე სეზონსაც საცოდავად ატარებენ და „არსენალთან“ შეხვედრამდე მე-16 ადგილზე ჩარჩენილებს ბოლო 8 ტურში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ მოპოვებული.
წინა ტურში „ევერტონმა“ მერსისაიდურ დერბიში „ლივერპულთან“ 1:4 წააგო. ეს ფანებისთვის თითქოსდა ბოლო წერტილი გამოდგა და სოციალურ მედიაში დაითქვა, რომ „არსენალთან“ შეხვედრის 27-ე წუთზე ტრიბუნები უნდა დაცარიელებულიყო, მაგრამ…
ფეხბურთელებმა ძალა მოიკრიბეს და დაამტკიცეს, რომ მათი ესპანელი მწვრთნელის რაფა ბენიტესის თანამდებობიდან გაშვებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. „ირისებმა“ 2:1 გაიმარჯვეს.
საოცარი ის იყო, რომ ბრაზილიელ რიშარლისონს VAR-მა ორი გოლი გაუუქმა, მაგრამ მას დაჟინება ეყო და მესამე შეაგდო. ასე გაქვითა „ევერტონმა“ მარტინ ოდეგორის მიერ 45+2 წუთზე გატანილი გოლი, 90+2 წუთზე კი დემარი გრეიმ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
15 ტურის შემდეგ „ევერტონი“ მე-12 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ მეშვიდეზე.