ხვალ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ რალფ რანგნიკის დებიუტია, მაგრამ ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობა საჭვო გახლავთ. პორტუგალიელს მუხლი ტკივა.

„იუნაიტედიდან“ ინგლისურ პრესაში გამოჟონა ჭორმა, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი „არსენალთან“ შეხვედრის დროს, ოღონდ თამაშის კი არა, გოლის აღნიშვნის ეპიზოდში დაშავდა. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ „მეთოფეებს“ 3:2 მოუგო და ორი გოლი კრიშტიანუმ გაიტანა.

„არსენალთან“ შეხვედრაში რონალდუ 88-ე წუთზე შეცვალეს. ის მოედნიდან მძიმედ გავიდა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ამიერიდან მანჩესტერელებს გერმანული „გეგენპრესის“ მამა რალფ რანგნიკი უხელმძღვანელებს. ინგლისში გაჩნდა ეჭვი, რომ მისი აგრესიული სტილისთვის კრიშტიანუ შეუფერებელია, თუმცა თავად რანგნიკმა, რომელიც ფეხბურთელებს „კრისტალ პალასთან“ სათამაშოდ ამზადებს ასე თქვა:

„მწვრთნელმა თავისი სტილი ყოველთვის უნდა მოარგოს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მის განკარგულებაში არიან. პირიქით არ გამოვა.

ვუყურებდი რონალდუს „არსენალთან“ შეხვედრის მეორე ტაიმში და ვრწმუნდებოდი, რომ ის 36 წლისაც ბრწყინვალე, ტოპ პროფესიონალია. არასდროს მინახავს ამ ხნის ფეხბურთელი ფიზიკურად ასე იყოს მზად. მას თამაშის ბედის გადაწყვტა ასეთ ასაკშიც იოლად შეუძლია.

ამიტომაც არის მთავარი, როგორ განვავითარებთ გუნდს და არა მხოლოდ ის, თუ როგორ ითამაშებს კრიშტიანუ. ჩვენ მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ლიგაში ვთამაშობთ და ამიტომ ყველა ფეხბურთელი მზად უნდა გვყავდეს. რონალდუს რომ ვუყურებ, მასაც სწორედ ეს სურს. მას უნდა ძალა და ღონე მთლიანად გუნდს დაახარჯოს და მისმა თანაგუნდელებმაც იგივე უნდა გააკეთონ.

გუნდთან, რომელმაც „არსენალთან“ დამღლელი შეხვედრა ჩაატარა, ხვალამდე ბევრს ვერაფერს მოვასწრებ. ამჯერად მთავარია მათ კვირისათვის ავზში ბენზინი ეყოთ. ამიტომ, ფიზიკურ ვარჯიშებს ვერ ჩავატარებ. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ფეხბურთელების მენტალური წახალისებაა.

მე მათ ვაჩვენებ ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც სწორ მოქმედებებს და სიტუაციებს განვიხილავთ. ბიჭებს ვეტყვი, რომ თავიანთი საჯარიმოდან შორს უფრო ეფექტურად შეუძლიათ თამაში და ასე შემდეგ“.