საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა.
ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ 12-მა ჩვენებურმა ითამაშა.
თორნიკე მატარაძის „ნევერმა“ რუანში 23:10 იმარჯვა და ქართველმა ბურჯმა პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა.
„ბეზიე“ „კარკასონს“ ეწვია და 18:24 წააგო. ბეზიელთა მარქაფიდან 61-ე წუთზე თამაშში გიორგი ახალაძე და ჟორჟი სალდაძე ჩაერთნენ.
„ოიონაქსმა“ „ორიაკი“ 32:15 დაამარცხა და ბონუსი სტუმართა ბოლო შეტევაში დაკარგა.მასპინძელთა შორის თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე – მარცხენა ბურჯად კვლავ ითამაშა ირაკლი მირცხულავამ (56-ე წუთიდან), ორიაკელებში კი ქართველების მთელი ჯგუფი იყო.
ლუკა ნიორაძე და გიორგი გოგოლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და თუ პირველმა 50 წუთი ითამაშა, მეორემ მატჩი გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელად ჩაატარა. გიორგი ჯავახია შეხვედრაში 50-ეზე ჩაერთო, ხოლო მიხეილ ალანია 59-ეზე.
„ბრესანმა“ შინ „ბაიონთან“ 3:24 წააგო. მასპინძელთა შორის საწყისი 53 წუთი ვაჟა კაპანაძემ ითამაშა, ხოლო ბაიონელი კონსტანტინე მიქაუტაძე პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე შეცვალეს.
„მონტობანი“ უქართველებოდ მოასპარეზე „გრენობლს“ დაუზავდა (25:25) და მის შემადგენლობაში დასკვნითი 13 წუთი მირიან ბურდულმა ითამაშა.
დაბოლოს, „აჟენმა“ ერთ-ერთ ლიდერ „ კოლომიეს“ უმასპინძლა და 18:8 დაამარცხა. აჟენელებში 80-ვე წუთი ძალიან მაგრად ითამაშა ბორჯღალოსანმა გრიგორ ქერდიყოშვილმა.