კატალონიური „სპორტის“ ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პარიზში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლეო მესის არ შეხვედრია, მაგრამ თქვა, რომ მისი გამარჯვება გაუხარდა, რადგან არგენტინელი წოდებას იმსახურებდა და მის მოპოვებაში „ბარსელონასაც“ აქვს წვლილი შეტანილი.
ლაპორტა არ მიიჩნევს, რომ მან „ბარსას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მოატყუა — მესის კლუბში დატოვება აღუთქვა, სინამდვილეში კი „პარი სენ ჟერმენში“ გაუშვა.
„ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ლეო „ბარსელონაში“ რომ დაგვეტოვებინა, შეთანხმებულებიც ვიყავით, მაგრამ ჩვენი შეთანხმება ლა ლიგამ არ ცნო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა“, — თქვა პრეზიდეტმა, რომელმაც მას და მესის შორის ურთიერთობის გაფუჭებას TV3-ის ეთერში გაუგებრობა უწოდა.
ურთიერთობა მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელის განაწყენებით დაიწყო. მესის არ მოეწონა პრეზიდენტის ნათქვამი, რომ მას „ბარსელონაში“ უფასოდაც შეეძლო ეთამაშა.
ლაპორტა: „არ ვიცი რამდენად რეალური იყო ჩვენთან მესის უხელფასოდ დარჩენა. მე მისთვის ასეთი რამ არ მითხოვია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ვიცოდით, რომ დიდი შეთავაზებები ჰქონდა. ასეა თუ ისე, უხელფასოდ თამაში მას უნდა შემოეთავაზებინა ჩვენთვის და არა ჩვენ მისთვის“.
ხსენებული გაუგებრობა ლაპორტამ არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა და დასძინა:
„კლუბი თავის საუკეთესო ფეხბურთელთან კარგ ურთიერთობას უნდა ინარჩუნებდეს. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ ყველაზე საუკეთესო არა. მე მის დამოკიდებულებას პატივს ვცემ და სიამოვნებით ველოდები იმ დღეს, როდესაც ლეო „ბარსელონაში“ დაბრუნდება, თუნდაც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
