„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ტრიბუნიდან უყურებდა, თუ როგორც შემოატრიალა თამაში მისმა მომავალმა გუნდმა, მოუგო რა „ოლდ ტრეფორდზე“ „არსენალს“ 3:2. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა.
ლონდონელებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ვესტ ჰემს“ ადგილს გაუცვლიდნენ, მეოთხეზე ამაღლდებოდნენ და მათი მოწადინება დაფასდა — „მეთოფეებმა“ ანგარიში გახსნეს, თუმცა გოლი ცოტა უცნაური გამოვიდა. კუთხურის დროს, მასპინძლების მეკარეს დავიდ დე ხეას თანაგუნდელმა ფრედმა შემთხვევით ქუსლზე ფეხი დააბიჯა. მეკარე წაიქცა, ნატკენ ადგილას ხელს იკიდებდა. ამასობაში კი ეპიზოდი გაგრძელდა და ემილ სმიტ როუმ ბურთი კარში შეაგდო. მსაჯმა ატკინსონმა თამაში ოთხი წუთით შეაჩერა, მოედანზე ექიმები შეუშვა, მათ დე ხეას უმკურნალეს, შემდეგ კი… გოლი ჩაითვალა.
ჩამორჩენილმა მანჩესტერელებმა თავი ხელში აიყვანეს, მეტოქეს შეუტიეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ იდგა გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონის ექვს შეხვედრაში გოლი არ გაუშვა და სივრცეების შეზღუდვაც კარგად ეხერხება. მეტიც, ანგარიშის გაზრდა „არსენალს“ შეეძლო, თუმცა ბრაზილიელმა გაბრიელ მარტინელიმ სმიტ როუს ჩინებული პასით ვერ ისარგებლა და ააცილა. ამის შემდეგ კი უკვე „იუნაიტედის“ ჯერი დადგა — შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯეიდონ სანჩომ ფრედს გადააწოდა ბურთი, ხოლო მან ბრუნო ფერნანდეშს გაუწია ასისტენტობა. ფერნანდეში „იუნაიტედის“ შემადგენლობაში მე-100 შეხვედრას ატარებდა. პორტუგალიელმა ზუსტი დარტყმით გაქვითა ანგარიში და თავისი თხუთმეტმატჩიანი უგოლო პერიოდი დაასრულა.
შესვენების შემდეგ ჯერ დე ხეამ ითამაშა საუცხოოდ, რის მერეც აარონ რამსდეილმა რონალდუს არ გაატანინა. 52-ე წუთზე კი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მასპინძლები დააწინაურა.
მანჩესტერელთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა — ნორვეგიელმა ოდეგორმა ანგარიში 2:2 გახადა, თუმცა მალევე მოეცარა ხელი, რადგან თავის საჯარიმოში ფრედს ბურთი სუფთად ვერ აართვა და ატკინსონმა VAR-თან კონსულტაციის შედეგად პენალტი დანიშნა. კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტი მეტრიდან თავისი 801-ე გოლი გაიტანა.
„არსენალთან“ მოპოვებულმა სამმა ქულამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-7 ადგილზე აიყვანა. ახლა მანკუნიანელები მათ მიერ ძლეულ „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩებიან და კვირას „კრისტან პალასთან’ ეცდებიან წარმატებული სვლის გაგრძელებას.
ამ შეხვედრაში, მანჩესტერელთა სათადარიგო სკამთან უკვე რალფ რანგნიკი იდგება.





