რეაქციაც ამას ჰქვია! როდესაც მო სალაჰს „ევერტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩის შემდეგ ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, ეგვიპტელს სიცილი წასკდა.

მერსისაიდელთა ვარსკვლავი პრემიერლიგელთა შორისაც კი არ იყო პირველი. შვიდეულში მასზე ზემოთ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ნგოლო კანტე და ჟორჟინიო. „ოქროს ბურთი“ კი მოგეხსენებათ მეშვიდედ მოიგო ლეო მესიმ.

ინგლისური პრესა წერს, რომ სალაჰის მოულოდნელი რეაქციით ყველაფერი იყო ნათქვამი, მაგრამ მან როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა ემოცია გვერდით გადადო, ქალაქ ლივერპულის დერბიში „გუდისონ პარკზე“ გავიდა და ორი გოლი გაიტანა. „ლივერპულმა“ 4:1 გაიმარჯვა.

29 წლის ვარსკვლავს ახლა ყველა შეჯიბრებაში ერთად, 19 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში რეპორტიორმა ეგვიპტელს რას იტყვი, თუკი გოლების გატანას ასე განაგრძობ „ოქროს ბურთის“ მომდევნო გამოკითხვაში ალბათ უფრო მაღალ პოზიციაზეც მოხვდებიო. სალაჰმა უპასუხა: „იმედია. არ ვიცი. გმადლობთ“.

სალაჰის ქება წარსულში ლეგენდარულმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ არ დაიზარა. ბევრის აზრით, ანრის მისი კარგად იმიტომ ესმის, რომ თავადაც „გაძარცვულია“. მან კარიერა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის გარეშე დაასრულა.

Amazon Prime Video-თან კომენტარში ანრიმ თქვა: „სალაჰს კითხვებზე პასუხის გაცემა არ სჭირდება. მის ნაცვლად მისი ფეხბურთი ლაპარაკობს. იმაზე ლაპარაკი, რომ ის ოდესმე მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის, სისულელეა.  ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის დღევანდელი თამაშია. დღეს სალაჰმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა“.

„ევერტონთან“ გამარჯვების მიუხედავად, „წითლები“ პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე რჩებიან, რადგან იმავე დღეს „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად მოუგო „ასტონ ვილას“ 2:1, ხოლო „ჩელსიმ“ ასეთივე ანგარიშით სძლია „უოტფორდს“.