ქარიმ ბენზემამ ისევ გოლი გაიტანა. ის წარმატებით განაგრძობს ბრძოლას პიჩიჩის ანუ ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის. „ლოს ბლანკოსმა“ ამჯერად „ბილბაოს“ მოუგო 1:0, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბასკებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს.

მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში თავიდან სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ბრწყინვალე საგოლე მომენტი ჰქონდა ინიაკი ვილიამსს, მაგრამ ტიბო კურტუას მის თავით დარტყმულზე ფენომენალური რეაქცია ჰქონდა.

მადრიდელებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და მე-40 წუთზე ბენზემას უტყუარი საგოლე ალღოს წყალობით შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანეს. ეს გახლდათ ფრანგის მე-12 გოლი ლა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატში.

ის, რომ მასპინძლებმა გამარჯვებას ძნელად მიაღწიეს, შესაძლოა იმის ბრალია, რომ კარლო ანჩელოტიმ ძირითადი შემადგენლობა წინა შეხვედრასთან შედარებით მხოლოდ ერთი კაცით გადაახალისა, რის გამოც ზოგი ფეხბურთელი საღად ვერ იყო. იტალიელმა მწვრთნელმა ხსენებული პრობლემის გამოსწორება 70-ე და მე-80 წუთებზე მოედანზე ფედე ვალვერდესა და ედუარდო კამავინგას შეყვანით სცადა. მათ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი შეცვალეს.

სტუმართაგან გოლის გატანა ვილიამსის გარდა შეეძლოთ რაულ გარსიას, დანი გარსიას და ოიერ სარაგას, მაგრამ მათ დარტყმებს მეტწილად მადრიდელები გადაეღობნენ.