„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი დროებითი მწვრთნელი, 63 წლის გერმანელი რალფ რანგნიკი დისციპლინას საგანგებო ყურადღებას აქცევს. „ლაიფციგში“ მუშაობის დროს, მას კლუბში „ბედის ბორბალი“ ედგა და მისი ტრიალი წყვეტდა ურჩ მოთამაშეთაგან რომელი როგორ დაისჯებოდა. თუ რანგნიკი ამ ხერხს ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზეც დანერგავს, „ბორბალი გადაწყვეტს“ ჩაიცვამს თუ არა ვთქვათ ჰარი მაგუაირი ბალერინის კაბას, იმუშავებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ საკლუბო მაღაზიაში გამყიდველად და სხვა.

ფეხბურთელების ამ მეთოდით დასჯა რანგნიკს აზრად მას მერე მოუვიდა, რაც მიხვდა, რომ პროფესიულ კლუბში ფულად ჯარიმას შედეგი არ მოაქვს.

2018 წელს რანგნიკმა თქვა: „დაქვითვა არაფრისმომცემია. ფეხბურთელებისთვის ფულზე მნიშვნელოვანი თავისუფალი დროა“.

„ბედის ბორბალი“ სამხრეთ ამერიკაში მოუფიქრებიათ. მასზე 12 სექტორია, მათგან 11 ცუდია, ერთს კი აწერია — ციხიდან თავისუფალი ხარ.

გავეცნოთ რანგნიკის ლააიფციგურ „ბედის ბორბალს“:

  1. დასჯილ ფეხბურთელს ერთი კვირის განმავლობაში ევალება ყველა ბურთი გაბერილი და იდეალურ წესრიგში ჰქონდეს.
  2. დასჯილი ფეხბურთელი თავისუფალ დღეს აკადემიის ბავშვებს ოთხსაათიან გაკვეთილს ჩაუტარებს.
  3. დასჯილი ფეხბურთელი თავისუფალ დღეს, ერთი საათის განმავლობაში სტადიონზე ექსკურსიამძღოლად იმუშავებს.
  4. ციხიდან თავისუფალი ხარ — ფეხბურთელს გაუმართლა.
  5. დასჯილი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე მოედნების მომვლელს ერთი კვირის განმავლობაში 4-6 საათით დაეხმარება.
  6. დასჯილი ფეხბურთელი რალფ რანგნიკის 90 წუთიან ვარჯიშზე ბალერინას კაბაში იქნება გამოწყობილი.
  7. დასჯილი ფეხბურთელი ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე მთელი გუნდის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
  8. დასჯილი ფეხბურთელი საკლუბო მაღაზიაში გამყიდველის ასისტენტად იმუშავებს.
  9. დასჯილი ფეხბურთელი ერთი კვირის განმავლობაში გუნდის სასადილოში იმუშავებს მიმტანად. კვების შემდეგ მაგიდების ალაგება და გადაწმენდაც მის მოვალეობაში შედის.
  10. დასჯილი ფეხბურთელი ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებს თანაგუნდელების დასვრილ სავარჯიშო ფორმებსა და ტალახაკრულ ბუცებზე.
  11. დასჯილი ფეხბურთელი გასვლით დღეს მთელი გუნდის ბარგს ავტობუსში ჩაალაგებს და დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ დააბინავებს მას.
  12. დასჯილი ფეხბურთელი კლუბის ყველა თანამშრომელსა და მოთამაშეს პატარ-პატარა საჩუქარს უყიდის.