წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“ და მინდა, ჩემი რესურსი, კავშირები და  შესაძლებლობები გამოვიყენო - სანიკიძევიქტორ სანიკიძე: ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაშივიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომა. მისი ამ სურვილის შესახებ, არჩევნებამდე 11 დღით ადრე შევიტყეთ.

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის კაცია და თითქოს რა გასაკვირი უნდა იყოს, ასეთი სურვილის გაჩენა. ქართული კალათბურთის უახლეს ისტორიაში ვიქტორის დამსახურებებზე კამათი უაზრობაა.

მაგრამ აქ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეზე არ ვლაპარაკობთ. ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკოსმა ვიქტორ სანიკიძემ გადაწყვიტა – მმარათველი პარტიის რიგებიდან საქართველოს პარლამენტის წევრმა. ეს კი კითხვებს ნამდვილად აჩენს და უსიამოვნო მაგალითებსაც გვახსენებს. რაღა შორს წავიდეთ, პარლამენტარია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. მის პოლიტიკოსობაზე აქ არ შევჩერდებით, პრეზიდენტობაზე კი… მოდი, მაქსიმალურად რბილად ვთქვათ: ფეხბურთელი კობიაშვილი ბევრად აღემატებოდა პრეზიდენტ კობიაშვილს.

სხვა მაგალითებიც გვახსოვს.

გვახსოვს, პარტიის ინტერესებს დაქვემდებარების დაუოკებელმა წყურვილმა რაც დამართა, მაგალითად, რაგბის. და განა მხოლოდ ახლა? უწინაც ასე იყო და სანიმუშოდ, ნემსაძე-ახალკაცის ცნობილი „არჩევნები“ შეგიძლიათ გაიხსენოთ.

პოლიტიკა ჭამს სპორტს. რამდენიც გნებავთ ამტკიცონ, რომ პოლიტიკოსები სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებად კეთილშობილი განზრახვებით მიდიან, შედეგები მუდამ საპირისპიროს გვიჩვენებს.

ამ წუთისთვის წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორია ძალთა ბალანსი კალათბურთის ფედერაციაში, მაგრამ არჩევნების მდიდარი გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტი ის გახდება, ვისი არჩევაც დროის მოცემულ მონაკვეთში მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს.