„ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს საქმე ასარჩევად აქვს. „ღამურები“ ხუთშაბათს, 2 დეკემბერს, ესპანეთის სამეფო თასზე სტუმრად თამაშობენ „უტრილასთან“. ეს გახლავთ 1/64 ფინალის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიელთა თავკაცი მოედანზე სათადარიგო შემადგენლობის გაყვანას აპირებს. ბორდალასის ასეთ გადაწყვეტილებას ორი გამართლება აქვს: ნაკლებად დატვირთული ფეხბურთელები პრაქტიკას მიიღებენ და ძირითადის ხალხი დაისვენებს.

მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომელზეც მწვრთნელი ალბათ ყველაზე მეტს იფიქრებს: ვინ დააყენოს კარში. მოგეხსენებათ, „ვალენსიას“ მთავარი მეკარე 32 წლის ჰოლანდიელი იასპერ სილესენია, რომელიც სეზონის დასაწყისში, ტრავმის შედმეგ ფორმაში დროულად ვერ ჩადგა და მისი ადგილი ქართველმა გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა. მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ აშკარა ეფექტი მოახდინა, რის წყალობითაც 6 ტურში სწორედ ის ასრულებდა ძირითადი მეკარის საქმეს.

მამარდაშვილის კარში ჩადგომას ხელი შეუწყო აგრეთვე კლუბის კიდევ ერთი გამოცდილი გოლკიპერის, 31 წლის ესპანელი ხუამე დომენეკის ტრავმამაც, მესამე გოლკიპერს, 23 წლის კრისტიან რივეროს კი ქართველმა უბრალოდ აჯობა.

მეექვსე ტურის შემდეგ კი ბორდალასმა მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მას მერე, „ვალენსიას“ ძირითადში სილესენი თამაშობს, გიორგი და ხუამე დომენეკი კი მარქაფაში სხედან.

ახლა საინტერესოა, რომელ გოლკიპერს ენდობა სათასო შეხვედრაში ბოდრალასი: მამარდაშვილს თუ დომენეკს. უნდა ითქვას, რომ დომენეკი გუნდში უავტორიტეტო კაცი ნამდვილად არ არის, გასახდელში სიტყვა ეთქმის.

რაც შეეხება კრისტიან რივეროს, ის „ჩეებმა“ ივნისში აიყვანეს როგორც იმედისმომცემი მეკარე და 2024 წლამდე გაუფორმეს კიდეც ხელშეკრულება, მაგრამ ვინაიდან სილესენის და დომენეკის გაყიდვა კლუბმა ჯერ მაინც არ იჩქარა და სრულიად მოულოდნელად გუნდს მამარდაშვილიც დაემატა, მისი საქმე ისე ვერ წავიდა, თავიდან როგორც იყო დაგეგმილი.

ახალი კლუბის მოძებნა უკვე გვიან იყო. ამას ზედ უიღბლობა დაერთო — სეზონი რომ დაიწყო, რივერომ კუნთიც იტკინა და მალე, როგორც მეოთხე მეკარე, ალბათ იჯარით სადმე გადავა.