Imageსაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უსახური მატჩი ჩატარა ესპანეთის ქალაქ ხაენში და იქაურ ეროვნულ გუნდთან განადგურდა.

ილიას ზუროსის გუნდს ლიდერი თორნიკე შენგელია დააკლდა, რამაც საერთოდ შეცვალა გუნდი. ესპანეთის ნაკრების ხისტ, აგრესიულ დაცვას ჩვენებმა ვერაფერით უპასუხეს. საპასუხოდ, პირინეელებიც ბევრს სცოდავდნენ, მაგრამ ჩვენების შეცდომების ფონზე ისინი საერთოდ არ ჩანდა.

ესპანეთის ნაკრების ყველა, 12-ვე კალათბურთელმა აიღო ქულები, ჩვენგან მხოლოდ – ექვსმა. აქედან სამმა კალათბურთელმა მხოლოდ 2-2 ქულა. ესპანელებმა 40-ჯერ მოხსნეს ბურთი ფარიდან, ჩვენებმა ეს მხოლოდ 29-ჯერ მოახერხეს. სკარიოლის შეგირდებს 24 პასი ჰქონდათ, ზუროსისას – 13. მასპინძლებმა ორქულიანები 70%-ით (!) ისროლეს, სტუმრებმა – 38%-ით. გვაჯობეს სამქულიანებშიც, მეტი გვქონდა დაკარგვა და ეს ყველაფერი ტაბლოზეც ზუსტად აისახა – 89:61.

მომდევნო მატჩები საქართველოს ნაკრებს თებერვალში ელის და ორივე ჩრდილოეთ მაკედონიასთან – შინ და სტუმრად.