კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ, ლონდონში, „ჩელსისთან“ შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ დაინახა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი მომავალი შესაძლოა ნათელი არ იყოს. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ ქერიკმა ის სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა.

პორტუგალიელი მოედანზე მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა. ინგლისურ პრესაში კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ „იუნაიტედის“ მომავალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი მასზე თურმე ამბობს, რომ ის ხუთი წლის წინ უკვე ბებერი იყო.

გერმანელი რანგნიკი სადაცაა მანკუნიანელებთან ექვსთვიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მის შესახებ ცნობილია, რომ ინტენსიური პრესინგის მომხრეა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი, დღეს კი სატელევიზიო ექსპერტი გარი ნევილი ამბობს, რომ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დასმასთან ქერიკი არაფერ შუაშია. მას სწამს, რომ ეს ჯერ არმოსულმა რანგნიკმა გადაწყვიტა. ნევილის აზრით, შემადგენლობა გერმანელმა დაასახელა — „იუნაიტედმა“ „ჩელსისთან“ თამაში სამი ჩამშლელი ნახევარმცველით დაიწყო. მოედანზე ერთბაშად იყვნენ იყვნენ ფრედი, სკოტ მაკტომინეი და ნემანია მატიჩი.

ნევილის ტვიტერში ვკითხულობთ: „ძალიან ბევრმა ადამიანმა შეუკურთხა ქერიკს, როდესაც ნახა, რომ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე ზის, ჩამშლელთა სამეული კი სასტარტო შემადგენლობაშია. ეს ტაქტიკა იმდენად განსხვავდება იმისგან, რაც რამდენიმე დღის წინ ვილიარეალში ვნახეთ, რომ დიდი ეჭვი მაქვს, შემადგენლობა მომავალმა მწვრთნელმა, რანგნიკმა დააყენა. ჩემთვის ამ მატჩის 1 წუთის ნახვა საკმარისი იყო, რომ მივმხვდარიყავი, თუ რა სტილსა და გავლენასთან გვექნება საქმე“.

ქერიკს ცხადია ჰკითხეს მან დააყენა შემადგენლობა თუ რანგნიკმა. მანაც ცხადია უპასუხა, ასეთი რანგნიკი რა შუაშიაო.

რონალდუს თემა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნისთვის როლი კინისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ 36 წლის პორტუგალიელი, რომელმაც ამ სეზონში 10 გოლი უკვე გაიტანა, მოედანზე თავიდანვე უნდა ყოფილიყო.

კინი: „ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ის რომ მოეგოთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯახირს ვაპატიებდი. რაც შეეხება რონალდუს, თუ თქვენ მას სადმე პარკინგზე შეხვდებით, იცოდეთ, რომ ეს არის კაცი, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული და „ოლდ ტრეფორდზე“ გუნდისთვის რთულ დროს მის დასახმარებლად დაბრუნდა.

თუ ბურთი თუნდაც 36 წლის ასაკში ვინმეს უჯერებს, ეს რონალდუა. ეს ის შემთხვევა არ არის, ვეტერანები ძველ გუნდებში რომ ბრუნდებიან და ვეღარ თამაშობენ.

მატჩის შემდეგ ქერიკმა სცადა მისთვის ხელი ხელს დაერტყა. მიეცით კრიშტიანუს ნება გასახდელისკენ ისე წავიდეს, როგორც უნდა. ბოლოს და ბოლოს განსაკუთრებული არაფერია იმაში, ფეხბურთელი გვირაბში განაწყენებული თუ შევა“.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის ბოლოს გაღიზიანებული იყო და არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათიც კი მიიღო.

რაც შეეხება „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრას, ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა, მასპინძლებმა კი პენალტით გაქვითეს: აარონ ვან-ბისაკამ ტიაგო სილვა საჯარიმოში წააქცია, თერთმეტი მეტრიდან კი ჟორჟინიომ გაიტანა.

ქერიკი: „კრიშტიანუ ჩვენი გამორჩეული ვარსკვლავია, ხოლო დღეს რაც ნახეთ, ეს უბრალოდ კონკრეტული თამაშის გეგმა იყო. მე მატჩამდე მას ველაპარაკე. ჩინებული რეაქცია ჰქონდა და შედეგად ჩვენ გადავწყვიტეთ ის ტაქტიკა აგვერჩია, რაც ნახეთ. გვინდოდა ჩაგვეჭრა მეტოქის პასები ჟორჟინიოსა და რუბენ ლოფტუს-ჩიკისკენ“.